LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში ექიმებსა და ექთნებს ტურისტულ სეზონზე კუნძულებზე ცხოვრება უფასოდ შეეძლებათ

119
ქირიას NEWS შაბლონი (6)

საბერძნეთში ექიმებისა და ექთნებისთვის, რომლებიც ქვეყნის კუნძულებზე საჯარო ჯანდაცვის დაწესებულებებში მუშაობენ, უფასო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საპილოტე პროგრამა ამოქმედდა.

ინიციატივა Airbnb.org-სა და საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამა მიზნად ისახავს ტურისტულ სეზონზე კუნძულებზე სამედიცინო პერსონალის საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რადგან ზაფხულში ტურისტული მოთხოვნის ზრდა ადგილობრივ საცხოვრებელზე ფასებს მნიშვნელოვნად ზრდის და ჯანდაცვის თანამშრომლებისთვის ბინის პოვნა რთულდება.

პროგრამა ხუთ კუნძულზე ვრცელდება – სანტორინიზე, როდოსზე, პაროსზე, იოსსა და ტინოსზე. უფასო განთავსება გათვალისწინებულია ივლისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე, ხოლო პროგრამის ბენეფიციარ ექიმებსა და ექთნებს საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს.

პროექტის მთავარი მიზანი კუნძულებზე სამედიცინო პერსონალის დეფიციტის შემცირებაა. ტურისტული სეზონის პიკზე განსაკუთრებით პოპულარულ კურორტებზე საცხოვრებლის მაღალი ღირებულება ხშირად ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად იქცევა იმ ექიმებისა და ექთნებისთვის, რომლებიც კუნძულებზე სამუშაოდ მიდიან.

პროგრამა Airbnb.org-ის Medical Stays ინიციატივის გაფართოებაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაადგილებულ ადამიანებსა და სამედიცინო პერსონალს უფასო დროებით საცხოვრებელს სთავაზობს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წლიდან მათ მსოფლიოს მასშტაბით 1.6 მილიონზე მეტი უფასო ღამე დააფინანსეს.

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობა საშუალებას იძლევა, კუნძულებზე სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა შენარჩუნდეს და ექიმებსა და ექთნებს საცხოვრებლის პრობლემა სამუშაოს დაწყებაში დაბრკოლებად აღარ ექცეთ.

თუ საპილოტე პროგრამა წარმატებული აღმოჩნდება, მისი გაფართოება საბერძნეთის სხვა კუნძულებზეც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები