ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო თამბაქოს გადასახადებთან დაკავშირებით მაღალი დონის სპეციალურ სესიაში, რომლის თემა იყო: ”სახელმწიფო ჯანდაცვა და შიდა რესურსების მობილიზაცია”. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება და ძირითადი მიღწევები თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის შესახებ გააცნო.
სამინისტროს ცნობით, აღნიშნული სესია აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
აღნიშნულ სესიაზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ კიმი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი. თავის გამოსვლაში დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა მთავრობის ხედვაზე თამბაქოს მოხმარების შემცირების მიმართულებით საზოგადოების ყველა სეგმენტში, განსაკუთრებით, მოზარდებში. მისი თქმით, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ბრძოლა თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ და შესაბამისი საგადასახადო პოლიტიკა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია აღნიშნული რისკების შემცირების მიმართულებით.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოში 2013 წლიდან აქციზის განაკვეთები თამბაქოს ნაწარმზე ზრდადია და ბოლო 4 წლის განმავლობაში მან 5-ჯერ მოიმატა. შედეგად, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება 25 პროცენტით შემცირდა, საბიუჯეტო შემოსავალი თამბაქოს აქციზით დაბეგვრიდან 150 პროცენტით გაიზარდა.
”პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ პროცესში საქართველოს პარლამენტის როლსა და მიღებულ კანონზე, რომელიც აღნიშნული პრობლემის გაცილებით კომპლექსური მოგვარების შესაძლებლობას იძლევა. საუბარია არა მხოლოდ აქციზის განაკვეთის ზრდასა და სხვა ფისკალურ მეთოდებზე, რომელმაც ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირებას ხელი უნდა შეუწყოს, არამედ ისეთ აქტივობებზე, როგორიცაა თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამის შეზღუდვა, აღნიშნული პროდუქციის შეფუთვასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე იმ ადგილების შეზღუდვა, სადაც მოწევაა შესაძლებელი და სხვ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.