LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭიროა სიფრთხილე, რათა მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს : გახარია კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

96
131318111-1879758162162079-6113531939389374587-o

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრები Covid-19-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან გრძელდება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს გაიმართა მორიგი შეხვედრა, სადაც ეპიდვითარების სტაბილიზაციის თვალსაზრისით დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანობაზე, ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ მდგომარეობასა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე იმსჯელეს.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტაციონარების ხელმძღვანელებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი მოქმედი შეზღუდვების როლს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებითი სტაბილიზაციის პროცესში და აღნიშნეს, რომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, რათა თავიდან ავიცილოთ მობილობის მკვეთრი ზრდა და საფრთხის ქვეშ არ დადგეს მიღწეული შედეგები.

პრემიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთეს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა.

როგორც “ევექსის” ჰოსპიტალების დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა განაცხადა, ვირუსის გავრცელების დონე არის შემცირებული, თუმცა, ამან არ უნდა მოგვცეს მოდუნების საშუალება:

„განვიხილეთ ბოლო კვირის მნიშვნელოვანი პრიორიტეტული საკითხები, გამოწვევები, რის წინაშეც სექტორი დგას. ასევე, ვიმსჯელეთ შეზღუდვების დაწესების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე. ფაქტია, რომ გავრცელების დონე არის შემცირებული, მაგრამ ამან არ უნდა მოგვცეს მოდუნების საშუალება, იმიტომ, რომ გავრცელება ჯერ კიდევ მაღალია. ასევე, ვისაუბრეთ სავარაუდო შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. ჩემი პირადი მოსაზრებაა, ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად. რა თქმა უნდა, ახალი წლისთვის შეზღუდვები გარკვეულწილად უნდა შემსუბუქდეს, მაგრამ რაც უფრო ფრთხილად ვიქნებით, უკეთესია, ვინაიდან, ჯერ კიდევ ვირუსი არის საკმაოდ მაღალი გავრცელების ზღვარზე“, – განაცხადა გიორგი მინდიაშვილმა.

“ჯეო ჰოსპიტალის” თავმჯდომარის, ნინო კობახიძის თქმით, ამ ეტაპზე, კლინიკები მობილიზებულია და იმედს იტოვებს, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება შენარჩუნდება:

„ჯეო ჰოსპიტლების“ ქსელმა დაამატა ბორჯომისა და მარნეულის კლინიკა, რაც გვაძევს საშუალებას, რომ რეგიონში უკვე სრულყოფილად მოხდეს კოვიდპაციენტების მართვა. ამ ეტაპისთვის კლინიკები მობილიზებულები ვართ. იმედს ვიტოვებთ, რომ რაოდენობის ზრდა არ იქნება მიბმული შეზრუდვების მოხსნასთან. 
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატო, რა მდგომარეობაშიც ახლაა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, შევინარჩუნოთ, რათა ჩვენს ექიმებს მივცეთ საშუალება, ღირსეულად მოემსახურონ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს“ – თქვა კობახიძემ.

„ნიუვიჟენ ჰოსპიტალის“ დირექტორმა მირზა ხინიკაძემ აღნიშნა, რომ დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ვისწავლეთ კოვიდთან ურთეიერთობის კულტურა და ამ ეტაპზე ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა შემსუბუქებულია:

„ჰოსპიტალზე ზეწოლა შედარებით შემსუბუქებულია. გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება, ალბათ, წინასაახალწლო დღეებში შესაძლოა, მაგრამ სრული თავისუფლება გაზრდის ინფიცირებულების რაოდენობას და იმ შრომამ, რაც აქამდე სახელმწიფოს მიერ და თითოეული ექიმის მიერ იქნა გადატანილი, შეიძლება ფუჭად ჩაიაროს”, – განაცხადა მირზა ხინიკაძემ.

ქუთაისის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის დამფუძნებელმა გია გრძელიძემ აღნიშნა, რომ ყოველი შეხვედრის პრობლემა ოპერატიულად წყდება და შეხვედრებმა გამოიღო ის შედეგი, რომ კოვიდის გავრცელების სისწრაფის შეჩერება ოპერატიულად მოხდა:

“ეს არის ნამდვილად ამ შეხვედრების დამსახურება. შეზღუდვები უნდა დარჩეს დღის წესრიგში. საბოლოო გადაწყვეტილებას, რით შეიძლება შევამსუბუქოთ შეზღუდვები, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად მიიღებენ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, სწორი გზით მივდივართ და ეს სწორი გზა საბოლოოდ შედეგს გამოიღებს”, – თქვა გრძელიძემ.

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორის, დავით გადელიას განცხადებით კი, იგრძნობა დაძაბულობის მოხსნა:

„არ შემცირებულა გამოვლენილი ინფიცირებულების რაოდენობა, მაგრამ ნამდვილად იგრძნობა დაძაბულობის ცოტათი მოხსნა. სტაბილურია მდგომარეობა და ისტერიის დონესზე როგორც იყო, აღარ არის. ამის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლებელია იყოს ისიც, რომ შეზღუდვები მუშაობს. ჩემი თხოვნაც იყო და ბევრმა კოლეგამ დამიჭირა მხარი, რომ კარგი იქნება, ამ შეზღუდვებს თუ არ მოვხსნით”, – აღნიშნა გადელიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჰოსპიტალურ მართვაზეა 6 300 პაციენტზე მეტი, საიდანაც 2 900-მდე პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში მკურნალობს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საჭიროა, კლინიკური სასტუმროების ეფექტური მართვის შედეგად მაქსიმალურად განიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი, რათა კლინიკების მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება.

შეხვედრაზე გიორგი გახარიამ დეტალური ინფორმაცია მოისმინა ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებულ ვითარებასა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდისა და შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები