„ჩვენ მოგვიწევს, რომ ცალმხრივად აღვასრულოთ რეკომენდაციები და იმისათვის, რომ არ დავტოვოთ სივრცე მანიპულაციებისთვის ვითხოვთ და ვაჟღერებთ, რომ საჭიროა უფრო მეტი კონკრეტიკა იქ სადაც ბუნდოვანებაა“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ოდიშარიამ.
„ქართული ოცნების“ წევრის განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ პროცესში ოპოზიცია ჩაერთვება და რეკომენდაციების შესრულების კუთხით თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს.
„დღეს მე სასიამოვნოდ მომხვდა ყურში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადება იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება რეკომენდაციებზე პასუხისმგებლობა იყოს მხოლოდ მმართველი გუნდის კისერზე და ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა გაიზიაროს ოპოზიციამ. იღებენ ყურად ამ რაციონალურ რჩევას და მოწოდებას? არა მგონია, დარწმუნებული ვარ არ იღებენ“ – განაცხადა ბექა ოდიშარიამ გადაცემაში „დღის თემა“.
დეპუტატი ამბობს, რომ ყველა მიზანი მიღწევადია თუ იქნება ჯანსაღი თანამშრომლობა და არა ხელოვნური წინაღობების შექმნა ჩვენი ქვეყნის მიმართ.
„თქვენ ხედავთ რამხელა მავნე მანქანა მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ. მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს და ნაციონალების მიერ დიდი ხნის წინ რუსულად შერაცხულ კანონ „ფარას“, რომელმაც მათვე ჩამოხსნა ნიღაბი და გვაჩვენა თუ რა მავნებლები არიან და რაზე არიან წამსვლელები“ – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, დღეს “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლო რეფორმასა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული პუნქტების შესასრულებლად საჭიროა მეტი კონკრეტიკა.
„ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა. რჩება სამი რეკომენდაცია: ერთი ეხება სასამართლო რეფორმებს და ამაზე ჩვენ ვითხოვთ კონკრეტიკას, არ ვიცით ჩვენ ამაში რა იგულისხმება. როგორც კი გვექნება კონკრეტიკა, მაშინვე დაიწყება მსჯელობა. სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, თავიდან მოხდა უკრაინული კანონის კოპირება, მერე ამაზე გვითხრეს, რომ იქნებ არ მიიღოთო. გაგრძელდება დისკუსია, ჩვენთვის მთავარია, რომ არ დარჩეს ღია ჭრილობა. როცა გეუბნებიან, რომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია, უნდა დაგიკონკრეტონ კიდეც, ვინ არიან ოლიგარქები“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
