დღეს, თბილისის მერიამ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა. სიტყვით გამოსვლის დროს დედაქალაქის მერმა სხვადასხვა პრობლემაზე ისაუბრა და ქალაქში არსებულ არასტანდარტულ გზებზე გაამახვილა ყურადღება.
მოაგვარებს თუ არა თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო პოლიტიკა, ქალაქში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემას? – აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე, დავით მესხიშვილმა ისაუბრა.
მისი განცხადებით, „თუ მართლა გვსურს, რომ საცობებს თავი დავაღწიოთ“, სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა უნდა მოგვარდეს. დავით მესხიშვილი ქალაქის ურბანულ განვითარებაზე და ინფრასტრუქტურაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საცობების გამომწვევი მიზეზებია.
„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ავტობუსის ზოლებით, კერძო ავტომობილებმა არ ისარგებლონ და ამის აღკვეთა მოხდეს. მისი განმარტებით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, კანონის აღსრულება უნდა მოჰყვებოდეს.
„თბილისის მერმა დღეს, თავის პრეზენტაციაში აღნიშნა ის პრობლემები, რომელიც არსებობს. პრობლემის არსი არ დამალულა და ამას დადებითად ვაფასებ.
რეალობა არის ასეთი, რომ მომსახურებაზე მოთხოვნა, თუ კონკრეტულად საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ვისაუბრებთ, მაღალია. შესაძლოა მოთხოვნა არ გაზრდილა, მაგრამ უბრალოდ მიწოდება ვერ ხერხდება მომსახურებაზე, რადგან ავტობუსების ძალიან დიდი ნაწილი ისევე დგას საცობებში, როგორც სხვა კერძო ავტომობილები.
დედაქალაქის გზებს არასასიამოვნო მოწყობა აქვს ინფრასტრუქტურულად. შეიძლება სამ ზოლიანი მოძრაობა უცბად გახდეს ერთ ზოლიანი, რა დროსაც ე.წ ძაბრები იქმნება ქალაქში.
არის პრობლემები, რომელიც თბილისის მერიის, ექსპერტების და თავად მოსახლეობის მიერ არის გადასაჭრელი. მოსახლეობის ჩართულობის გარეშე ასეთი პრობლემები ვერ გადაიჭრება.
რეალურად დედაქალაქის სატრანსპორტო გეგმების ძირითადი ნაწილი ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო პრიორიტეტულ ტრანსპორტად ქცევას, რაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის უნდა იყოს მისაღები, რადგან თუ მართლა გვსურს, რომ საცობებს თავი დავაღწიოთ, სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის გადაჭრა არის მნიშვნელოვანი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთულობის მიზეზია ის, რომ ავტობუსები დგანან ხოლმე საცობში და მოთხოვნაზე დედაქალაქის მერია ვერ აწვდის მომსახურებაზე ავტობუსს.
საცობებისგან უნდა დაიხსნას დედაქალაქის მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მათ თავისუფლად შეძლონ გადაადგილება. ამისთვის საჭიროა თბილისში არსებული ე.წ 13 კვანძის პრობლემის გადაჭრა და სატრანსპორტო დერეფნის დაკავშირება ერთმანეთთან, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატრანსპორტო დერეფნებში ადვილად გადაადგილდნენ.
200 ერთეული ავტობუსი შემოვა დამატებით 18-მეტრიანი და თუ ისინი შეფერხების გარეშე იმოძრავებენ ქალაქში, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ ოპტიმისტურად გამოიყურება ეს გეგმა.
მუდმივად გვაქვს საუბარი თბილისის მერიასთან, რომ ავტობუსის ზოლებით სარგებლობენ კერძო ავტომობილები. არ ვიცი მე ვინმეს თანამშრომელია, რომელიმე კომპანიის არის, სახელმწიფო სტრუქტურის საშვით არის თუ ე.წ „ნარუშილოვკით“ მოძრაობს, ეს არის აღსაკვეთი. ამ ნაწილში გამკაცრების მოლოდინი მაქვს.
ევროპის ბევრ ქალაქში, სამუშაო დღეებში კერძო ავტომობილების რაოდენობა ქუჩებში ნაკლებია და შაბათ-კვირას დასასვენებლად გადაადგილებისთვის იყენებენ. იქ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ქალაქის ნებისმიერ წერტილში მისვლაა შესაძლებელი.
თბილისის მასშტაბით ინდივიდუალური საკითხებია გასათვალისწინებელი, მათ შორის ურბანული განაშენიანება. შეგვიძლია ვნახოთ, რა ხდება ნინო ჟვანიას ქუჩაზე, ასევე სპორტის სასახლესთან. ასეთ ადგილებში, სადაც არ იყო გათვალისწინებული ტრანსპორტის კომპონენტი, ჩვენ ყოველდღე გვაქვს რთული სიტუაცია.
საცობები არის კომპლექსური პრობლემა, რომელიც ჩვენ თვითონვე ვაგროვეთ მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის მოსახლეობამაც, დეველოპერებმაც, აღმასრულებელმა პასუხისმგებელმა სტრუქტურებმაც.
საცობები ხშირად უკავშირდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას და კანონის აღსრულებას. თუ კანონის აღსრულება არ ხდება ამ დარღვევებზე, მუდმივად ვიღაც არღვევს და თითოეულმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შეფერხება, არსებობს ინფრასტრუქტურის პრობლემებიც, რომელთა ნაწილი კიდევ საჭიროებს გადაჭრას და მოგვარებას, ხოლო მათი ნაწილი გადაუჭრელი დარჩება, სადაც მაგ, სამზოლიანი მოძრაობიდან გავდივართ ერთზოლიან მოძრაობაში.
თუ განვითარდება ბოლომდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტროს შემადგენლობები დაემატება ეს გარკვეულწილად მოხსნის საცობის პრობლემა“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა