2023 წლიდან თბილისის მერია ტრანსპორტის ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე გააჟღერა, თუმცა მერს არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით განხორციელდება ეს რეფორმა.
კალაძის თქმით, მოხდება საცობების აღმოჩენა რეალურ დროში, ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტისა და სპეცტრანსპორტის პრიორიტეტულობა, შედეგად კი, კალაძის განცხადებით, მივიღებთ მეტად მოწესრიგებულ და აჩქარებულ მოძრაობას და შემცირებულ საცობებს.
რა იცვლება ტაქსებისთვის - თბილისის მერის განმარტება
"ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში „ა“ კატეგორიის ტაქსის ნებართვა გახდება ფასიანი ქაღალდი".
„ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ, გვინდა, რომ ევროპაში კარგად განხორციელებული რეფორმები გადმოვიტანოთ ჩვენს ქალაქში. როცა ვახორციელებთ ქუჩების განახლებას, მოდერნიზებას, ეს ხდება კვლევების საფუძველზე. კარგად ვხედავთ რა არის გამოწვევები, პრობლემები. პულსზე გვიდევს ხელი, ძალიან კარგად გვესმის, რომ გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს, დისკომფორტია, როცა ავტობუსი დროულად ვერ მოდის და ეს იწვევს შემდეგ ავტობუსების გადავსებას. მიზეზები ვიცით და ისიც ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ხვალ ეს პრობლემები მოხსნილი იყოს. ყველაფერი ერთად ვერ გაკეთდება, გვიწევს მუშაობა ეტაპობრივად, რომ ქალაქში გადაადგილება პრობლემა აღარ იყოს“, – განაცხადა კალაძემ.