რამდენიმე დღეა მმართველი გუნდი რეგიონებში მერობის კანდიდატებს წარადგენს. შეხვედრებს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ატარებს და მას არ ესწრება, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
კითხვაზე, თუ სადაა ირაკლი კობახიძე და რატომ არ ესწრება მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ უპასუხა:
„ირაკლი კობახიძე არის შტაბის ხელმძღვანელი, გუნდის უდავო ლიდერი, რომელიც კიდევ ერთ გამარჯვებამდე მიგვიყვანს 2 ოქტომბერს.
ირაკლი კობახიძე მუშაობს როგორც შტაბის ხელმძღვანელი. ასე იყო წლების განმავლობაში. წინა წარდგენებზეც იყო პრემიერი და გენერალური მდივანი.
ნუ ნერვიულობთ, ის ოფისშია და ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი, როდესაც საჭირო გახდება“,- განაცხადა კუჭავამ.
