ჭავჭავაძის გამზირზე, ჩოლოყაშვილზე, კუს ტბის ასახვევში და პეკინის გამზირზე ტროტუარებზე არსებული საპარკინგე ადგილები გაუქმდება.
როგორც ”ფორტუნას” მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა, სანაცვლოდ მერია ალტერნატიულ საპარკინგე ადგილებს იმავე ტერიტორიებზე მოაწყობს.
მისი განმარტებით, ტროტუარსა და სავალ ნაწილს შორის ე.წ. შეჭრა გაკეთდება და სწორედ იქ მოეწყობა ალტერნატიული ფართი მანქანების გაჩერებისთვის.
”მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირზე, კუს ტბის საბაგიროსთან 27 ადგილი უქმდება. გაკეთდება შეჭრა, თუმცა 2 მეტრის საფეხმავლო გასასვლელი დარჩება. ადგილზე 2 ხეა, თუმცა, მათ არ ვეხებით. შეჭრის კუთხე ცოტათი გადადის ტროტუარზე, მაგრამ ტროტუარზე მანქანა ძალიან დიდ ადგილს იკავებდა და რეალურად ეს სივრცე გათავისუფლდება. შეჭრა გაკეთდება იქ, სადაც ამის საშუალება იქნება,” – განუცხადა ”ფორტუნას” მუმლაძემ.
მისივე თქმით, პეკინის გამზირზე ტროტუარზე არსებული 25 საპარკინგე ადგილი უნდა გაუქმდეს, სანაცვლოდ კი ამდენივე ავტომობილზე გათლილი ტერიტორია ”შეიჭრება”.
”ჩვენი სტრატეგია არის ის, რომ საპარკინგე ადგილები გაკეთდეს შეჭრის ხარჯზე, თანაც ისე, რომ რაოდენობრივად არ შევზღუდოთ. 100%-დან 90%-მდე შემთხვევაში პარკირებების ალტერნატიულ ადგილს გავაკეთებთ. პროცენტულად, შეიძლება 5-10 პროცენტი ვერ შევჭრათ, მაგრამ მოგვიწევს წასვლა იმაზე, რომ ქვეითის უსაფრთხოებაზე გავაკეთოთ მეტი აქცენტი,” – აღნიშნა მუმლაძემ.
გარდა ამისა, მისივე განმარტებით, ისევ მუშავდება ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზე მრავალდონიანი საპარკინგე ადგილების მოწყობის საკითხი. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის განმარტებით, ლოკაციების მოკვლევა-შესწავალას ამერიკული კომპანია PWC-ი ატარებს. ორგანიზაცია სწავლობს, თბილისის მასშტაბით სად, და რამდენდონიანი საპარკინგე ადგილი უნდა მოწყოს.
”ოთხშაბათს გვაქვს კიდევ ერთი მუშა შეხვედრა – საბოლოო წერტილი დავუსვათ თუ კიდევ განაგრძოს კომპანიამ პარკინგების ლოკაციების შეწავლა. თუ პროექტი დავამტკიცეთ, შემდეგ გამოცხადდება აუქციონი მერიის კვლევის მართვის სააგენტოს მიერ. ვცდილობთ დროულად შევარჩიოთ ადგილი და აუქციონი გამოვაცხადოთ, გამოცხადებიდან დაახლოებით, 10 თვეში გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტი უნდა წარმოადგინოს, თუ პროექტს დავეთანხმებით, შემდგომ უკვე მას მიცემა 12-თვიანი ვადა, რომ მშენებლობა დაიწყოს და დაასრულოს” – განაცხდა მუმლაძემ.
ამ დროისთვის, მერიის დაკვეთით, კომპანია PWC-ი 10 ლოკაციის შესწავლა-გამოვლენაზე მუშაობს.