12 აპრილი მიუსაფარ ბავშვთა საერთაშორისო დღეა.
ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვთა საერთაშორისო დღე მსოფლიოში 2011 წლიდან აღინიშნება, რომლის მიზანიც ბავშვის უფლებების დაცვა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით საზოგადოების ჩართულობის გაზრდაა.
ქუჩაში მცხოვრებ ან მომუშავე ბავშვებს სხვადასხვა პრობლემებთან უწევთ გამკლავება. მათ არ გააჩნიათ საკვები, ვერ იღებენ განათლებას, ზოგიერთ მათგანს იძულებით უწევს ქუჩაში მუშაობა.
მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით, კვებითა და განათლებით უზრუნველყოფაზე სოციალური მომსახურების სააგენტოა პასუხისმგებელი.
ბავშვთა უფლებების დაცვაში გაეროს ფონდიც აქტიურად არის ჩართული. მათ ვებ-გვერდზე გამოყვეყნებულია ანგარიში, სადაც წარმოდგენილია ის ძირითადი მიგნებები, რომლებიც საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობის კვლევის შედეგად გამოვლინდა.
კვლევას საფუძვლად დაედო საქართველოში სოციალური მუშაკების დაკვირვებები ქუჩაში მცხოვრებ/მომუშავე ბავშვებს შორის გარკვეული ცვლილებების შესახებ.
კვლევის მიზანი იყო ინფორმაციის შეგროვება ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემის პრევენციის და აღმოფხვრის სტრატეგიების უკეთ შემუშავების მიზნით. მეორე მიზანი იყო მიმდინარე ინსტიტუციური ღონისძიებების განსაზღვრა სათანადო რეაგირების პოლიტიკის შესამუშავებლად და არსებული სერვისების გაუმჯობესება.
შენიშვნა: სიუჟეტში გამოყენებულია კადრები UNICEF Georgia -ს ვიდეოსიუჟეტიდან.
