სად დავტოვოთ ბავშვი 18 სექტემბრამდე? – აქტუალური კითხვა ყველა იმ მშობელს აწუხებს, რომლებსაც ბავშვები საჯარო ბაღებში დაჰყავთ. მაშინ, როცა შვებულებისთვის განკუთვნილი დრო ამოწურულია და ბავშვების უმრავლესობა ქალაქში დაბრუნდა, დასაქმებული მშობლები დილემის წინაშე დგანან, – ატარონ ბავშვები სამსახურში, რაც ხშირად შეუძლებელია, თუ ბებია-ბაბუებთან და ნათესავებთან ეძებონ ბავშვისთვის დროებითი „თავშესაფარი“. არსებობს კიდევ ერთი გზა – დღიურად ძიძის აყვანა. ძიძა დღეში, საშუალოდ, 20-50 ლარამდე ჯდება და მშობელთა უმრავლესობისთვის საკმაოდ ძვირი მომსახურებაა.
„ბაღში არდადეგების დაწყების შემდეგ მოვახერხე და ბავშვი საზაფხულო ბაღში დავარეგისტრირე, ჩემმა მეგობარმა კი კერძო ბაღში შეიყვანა დროებით, საზაფხულო ბაღმა ისევე, როგორც კერძო ბაღმა, ივლისის ბოლოს მუშაობა დაასრულა და იძულებული გავხდი, შვებულება ამეღო, რომელიც უკვე სრულად ამომეწურა. იმ პირობებში, როცა ორივე მშობელი ვმუშაობთ, 18 სექტემბრამდე ყოველდღე სხვადასხვა ნათესავის შეწუხება მომიწევს (თუ მათაც ეცლებათ), რომ ნიტა დაიტოვონ,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ნინო გედენიძე.
„18 სექტემბერს ბაღების დაწყება ისეთივე მიუღებელია, როგორც უსასრულოდ ხანგრძლივი არდადეგები. ბაგა-ბაღები მუშაობას პირველ სექტემბერს თუ არა, სექტემბრის დასაწყისში მაინც უნდა იწყებდნენ, რადგან კერძო თუ საჯარო სტრუქტურებში დასაქმებული მშობლების შვებულება გაცილებით ხანმოკლეა, ვიდრე ბავშვის არდადეგები. 18 სექტემბერი არის ის თარიღი, როცა შვებულება დამიმთავრდა, ბავშვი ქალაქში მყავს და სად წავიყვანო, სად დავტოვო? უნდა იყოს სახლში ან ქუჩაში. რა უნდა ქნას ასეთ დროს მშობელმა? მე მაინტერესებს იმ უწყების აზრი, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ 3 წლის ანდრიას დედა, ნათია მახვილაძე.
ახალი 1017-18 წლის სასწავლო სეზონის დაწყების თარიღად ბაგა -ბაღებისთვის 18 სექტემბერი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ განსაზღვრა.
როგორც სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სააღმზრდელო წლის დაწყებამდე, საბავშვო ბაღების ადმინისტრაციებს დაევალათ შენობების სანიტარული დამუშავება, სამშენებლო ნარჩენების გატანა იმ ბაღებიდან, სადაც არდადეგების პერიოდში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა, ასევე ბაგა-ბაღების ეზოების და შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სასმელი წყლის ლაბორატორიული ანალიზი, ცენტრალური გათბობის სისტემების და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება.
რაც შეეხება სასწავლო წლის დასაწყებად 18 სექტემბრის განსაზღვრას, როგორც „ფორტუნასთან“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ, განმარტა , ბაღებში სასწავლო წლის დაწყება სკოლების დაწყების თარიღთან არის მიბმული (სკოლები სწავლა 15 სექტემბერს იწყება). რაც შეხება არდადეგების ხანგრძლივობას, ეს საკითხიც უკვე წლებია, განსაზღვრულია და ბავშვები ამ სისტემით დადიან სკოლებშიც და ბაღებშიც. რამდენად ერგება არსებული სისტემა მშობლების სამუშაო გრაფიკს, ამაზე ბაღების სააგენტოში მშობლებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ.
„რატომ არის პრობლემური მშობლებისთვის არსებული სისტემა, გაუგებარია. არდადეგების და სასწავლო თარიღის განსაზღვრა წლებია, ამ სისტემით ხდება და ბაღების გრაფიკი მიბმულია სასკოლო გრაფიკზე. მშობელს შეუძლია, მაგალითად, 15 აგვისტოს აიღოს შვებულება და შვებულების დღეები სრულიად საკმარისი იქნება 18 სექტემბრამდე,“ – ამბობს თემურ თორდინავა.
საქართველოს „შრომის კოდექსის“ მიხედვით, დასაქმებულს საშვებულებოდ წელიწადში 24 სამუშაო დღე აქვს განსაზღვრული. ბაგა-ბაღებში საზაფხულო არდადეგები ივნისის ბოლოს იწყება. ივლისის ბოლოს მუშაობას დაასრულეს საზაფხულო ბაღებმაც.
რატომ უნდა იყოს 2, 3 და 4 წლის ბავშვების ბაღის გრაფიკი სასკოლო სასწავლო წელს მიბმული და რა არითმეტიკით უნდა იხელმძღვანელონ მშობლებმა, რომ საშვებულებო 24 სამუშაო დღე, საუკეთესო შემთხვევაში, თვენახევრიან არდადეგებზე გადაანაწილონ, ამაზე უწყებაში კონკრეტული პასუხი არ გააჩნიათ.
თამუნა გოგუაძე