LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად წერია, რომ პირბადე უნდა გვეკეთოს, რომელ კანონში?

368
FORTUNA.GE (8)

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როგორც ავტობუსსა და მიკროავტობუსში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეთა ნაწილი პირბადის ტარების ვალდებულებას აპროტესტებს. აღნიშნული შემთხვევა ხშირად კამათის მიზეზი ხდება, შემდეგ კი საპატრულო პოლიციის გამოძახებით და ჯარიმით სრულდება.

ყველაზე აქტუალური კითხვა კონტროლიორის ან მძღოლის მიმართ არის: „სად წერია, რომელ კანონში, რომ პირბადე უნდა მეკეთოს, რატომ მაჯარიმებთ, ეს უკანონობაა“ და ა.შ.

ვიდეო: რა მოხდება თუ ავტობუსში პირბადის გარეშე იმგზავრებთ? – გაფრთხილება, კამათი, გაჩერება, პატრულის გამოძახება, წყევლა

მათ, ვისაც არ სჯერა პირბადის გამოყენების წესის ვალდებულების, ან მათ, ვინც მთავრობას და ეპიდემიოლოგებს სიტყვაზე არ ენდობა,  შეუძლიათ გაეცნონ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს, მთავრობის დადგენილებას პირბადის ტარების წესის გამოყენების შესახებ:

 

 

საქართველოს მთავრობის დადგენილების აღნიშნული წესი განსაზღვრავს პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში, აგრეთვე პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის, მეტროპოლიტენით) და ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესსა და პირობებს.

ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის შესაბამისად, რაც ისჯება ფიზიკური პირის 20 ლარით დაჯარიმებით.

დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები:

ამ დადგენილების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. აღსრულებაში მონაწილეობა აგრეთვე ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა კონტროლიორი სრულ ინფორმაციას ფლობს აღნიშნულ რეგულაციაზე და შესაბამის წესსზე, თუმცა ნაკლებად ინფორმირებული არიან სამარშრუტო ტაქსის ან მიკროავტობუსის მძღოლები, რომლებიც უპირბადო მოქალაქეს ვერ უმტკიცებენ, რომ საკითხი კანონის დონეზე რეგულირდება.

 

“ფორტუნასთან” საუბრისას ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი აცხადებს, რომ დადგენილება პირბადის ტარების შესახებ, მოკლე ტექსტური ფორმით ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, გამოსაჩენ ადგილას უნდა იყოს მიკრული.

“ყველამ არ იცის კანონები და ვერ მიუწვდება ხელი იმ დადგენილებაზე, რომელიც მთავრობამ გამოაქვეყნა. მეკამათებიან, სად წერია მითხარი, მანახე, სად დაწერა მთავრობამ. ეს თქვენი მოგონილია, არ მინდა და არ გავიკეთებ, გამოიძახე პატრული, ვნახავ რას მიზამს და ა.შ. მე რომ პატრული გამოვიძახო, დროც მეკარგება და ისედაც განახევრებულ მგზავრებს დავკარგავ. მე კი ვერ ვუმტკიცებ. ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე რამდენიმე გამოსაჩენ ადგილას უნდა იყოს მიკრული ეს კანონი და მერე საკამათოც არ იქნება”, – აცხადებს მიკროავტობუსის მძღოლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები