LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო ენერგეტიკული გაერთიანების საზეიმო მიღებაზე საქართველოს მიერ ენერგეტიკის სექტორში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეფასდა

116
საზეიმო მიღება

2025 წელს საქართველო საერთაშორისო ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა გახდა – ამ ფაქტთან დაკავშირებით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი არტურ ლორკოვსკი, ორგანიზაციის სამდივნოსა და წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის გამოსვლით გაიხსნა. მან აქცენტი იმ მიმართულებებზე გააკეთა, რომელთაც საქართველოს თავმჯდომარეობისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. მათ შორისაა ენერგოეფექტურობა, საკანონმდებლო დაახლოება ევროკავშირის ენერგეტიკულ რეგულაციებთან და ენერგოუსაფრთხოება.   

გენადი არველაძემ  გაერთიანების წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტებზე, განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე გაკეთდა. მისი თქმით, პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის ევროპის ენერგოსისტემასთან ინტეგრაციის პროცესში, მისი განხორციელების კუთხით მუშაობა მონაწილე ქვეყნების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს.

საზეიმო მიღების მონაწილეებს მიესალმა ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი არტურ ლორკოვსკიც, რომელმაც დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ენერგეტიკის სექტორში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები.

შეგახსენებთ, ენერგეტიკული გაერთიანება საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგეტიკული მდგრადობისა და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის კუთხით. საქართველომ, რომელიც ორგანიზაციაში 2017 წელს გაწევრიანდა, პირველად ჩაიბარა მისი თავმჯდომარეობა. აღსანიშნავია, რომ წელს ორგანიზაციის არსებობის 20 წლის იუბილე აღინიშნება.

magti 5g