მედიის თავისუფლებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ოფიციალურ პირებს მოწოდებენ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და დაასრულონ „მედიის უპრეცედენტო“ დევნა.
ამის შესახებ ინფორმაციას განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაცია, “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” (IPI) ავრცელებს.
„მას [მზია ამაღლობელს] პოლიციელზე თავდასხმაში სდებენ ბრალს – რაც ციხეში შვიდ წლამდე პატიმრობას გულისხმობს – რაც ბათუმის პოლიციის უფროსთან ირაკლი დგებუაძესთან შელაპარაკებას მოყვა..
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თანახმად, ინციდენტის ვიდეომასალა აჩვენებს, რომ სილას საკმარისი ძალა არ გააჩნდა ზიანის მისაყენებლად და, შესაბამისად, სიმწვავის ზღვარს ვერ აღწევს სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ბრალდებებისთვის.
ამაღლობელის დაპატიმრებამდე, “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე, დგებუაძის მხრიდან ვერბალური თავდასხმის მსხვერპლი გახდა. “ბათუმელებს” ამის შესახებ არაერთხელ დაუწერიათ და დგებუაძის მმართველობის ქვეშ ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ცნობები გამოუაშკარავებიათ.
ცალკე შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გურამ მურვანიძეს, “ბათუმელების” ოპერატორსა და ფოტოგრაფს, 8-დღიანი ადმინისტრაციული დაკავება მიუსაჯა. მურვანიძე პოლიციამ 12 იანვარს დააკავა, როდესაც ის პროტესტებს აშუქებდა. პროკურატურამ მას სამართალდამცავი ოფიცრებისგან კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა დააბრალა.
საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ამაღლობელი და დაასრულონ მედიის ეს უპრეცედენტო დევნა. ამას გარდა, მოვითხოვთ იმ არასათანადო მოპყრობის საფუძვლიანად გამოძიებას, რომელსაც მან გაუძლო”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა.
შეახსენებთ, მზია ამაღლობელი უკვე 38-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დაახლოებით ორ საათში გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
მზია ამაღლობელმა შიმშილობა 12 იანვარს დაიწყო. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა „ვივა მედში“ 4 თებერვალს, სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს.