„იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატები საკუთარ სიტყვას იტყვიან და მათი მხარდაჭერის იმედი მაქვს,“ – „ადამიანის უფლებათა სახლის ოფისში“ ზაზა სარალიძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სარალიძემ განაცხადა, რომ მან დიპლომატებს დეტალურად მოაწოდა ინფორმაცია, როგორც საპროტესტო აქციების მიმდინარეობის, ასევე საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესახებ.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, მათ დიპლომატებს მიაწოდეს, ასევე, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივრის შეტანა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი მეორედ შეხვდა საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებს. პირველად ჩვენი შეხვედრა შედგა საგამოძიებო კომისიის დაწყების დროს. ჩვენ მაშინ გამოვთქვით იმედი, რომ სამართლებრივ ველში გადაინაცვლებდა პროცესები ქუჩიდან. ეს ასეც მოხდა. როდესაც პარლამენტში საგამოძიებო კომისია მუშაობდა, ქუჩაში პროტესტი შეწყდა და საკითხები, რომელიც საზოგადოებრივ მღელვარებას იწვევდა, დაისვა პარლამენტში. კომისიამ საკუთარი დასკვნით უპასუხა ამ მოთხოვნებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებებს. თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ აპირებს, დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინოს. სამწუხაროდ, სამართლებრივი რეაგირების რესურსები პრაქტიკულად იწურება. ამჟამად მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა და, მეორე მხრივ, ჩვენ ვემზადებით საჩივრის შეტანისთვის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში,“ – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.