LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები საკრედიტო-საგარანტიო რეფორმას მხარს უჭერენ

72

მე დღეს გავაჟღერე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ ჩვენ მათ ველოდებით და გვინდა, რომ ისინი იყვნენ საკრედიტო-საგარანტიო ფონდში, როგორც აქციონერები, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი,- განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრის კომენტირებისას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, დიმიტრი ქუმსიშვილსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრაზე, საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი და დაანონსებული საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის ძირითად პრინციპებზე ისაუბრეს.

საგარანტიო ფონდების ინსტრუმენტი ზოგადად დასავლეთ ევროპაში და აღმოსავლეთ ევროპაშიც, ეს არის კარგად დანერგილი და აპრობირებული ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლებელია მიმართული იყოს კონკრეტული, ძალიან თარგეთირებული ჯგუფების მიმართ, სადაც სახელმწიფოს აქვს სურვილი, რომ დაეხმაროს განვითარებაში. მათ შორის ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება, მაგალითად, ახალგაზრდებში დასაქმების გაზრდა. მათ შორის ქალბატონებში მეწარმეობის განვითარება. სწორედ ამ ძირითად პრინციპებზე ვისაუბრეთ დღეს ჩვენ. რამდენად შეგვიძლია ჩვენ ყველამ ერთად გავიზიაროთ ის საუკეთესო გამოცდილება, რომელიც ევროპაშია დაგროვილი“, -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე პრემიერის ინფორმაციით, მან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შესთავაზა ფონდში აქციონერების სახით მონაწილეობა. „აქაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტია. პირველი იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ ძალიან გამჭვირვალე, მეორე – გვინდა იმიტომ, რომ მათ აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება და გვინდა, გავიზიაროთ ეს გამოცდილება. მესამე – რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მათ აქვთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა, რომელიც აბსოლუტურად თანხვედრაშია იმ ინიციატივასთან, რომელსაც ჩვენ ეხლა ვაჟღერებთ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები გადაიდგას ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, მოხდეს ეკონომიკის სწორი სტიმულირება და შესაბამისად, საბოლოო ჯამში ქვეყანამ მიიღოს სარგებელი ეკონომიკის ინკლუზიური ზრდისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან დაგეგმილ რეფორმას პოზიტიური შეფასებები მოჰყვა. „პირველ ეტაპზე ჩვენ დღეს მოვისმინეთ მაქსიმალურად პოზიტიური კომენტარები, გავუზიარეთ მათ ჩვენი ხედვები ძირითად პრინციპებზე და მათგან მივიღეთ ძალიან პოზიტიური უკუგება ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩატარდეს ძალიან კარგი შეფასება და სწორად გავიგოთ, თუ რა მიმართულებით უნდა შემოვიდნენ ისინი და რა მიმართულებით მოხდეს ერთობლივად მათი საქმიანობა, რადგან ეს იქნება ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ეკონომიკის განვითარებისთვის“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო, თუ რამდენად შეიძლება გაიზარდოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს მანდატი. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ამ თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან რამდენიმე პოზიცია დაფიქსირდა, ამ საკითხზე დისკუსია კი მომავალშიც გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g