LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

117
გიორგი მსხილაძე

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების იმ ნაწილს, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირებს ჩამოეწერებათ 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, პრეზიდენტი იზიარებს და ის ასახულია მის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში.

მაგრამ პრეზიდენტმა არ გაიზიარა პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონის ის ჩანაწერი, რომლითაც საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის პირველ იანვრამდე განხორციელდება.

ასევე, კანონით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახადებისგან, ხოლო საქართველოს საწარმო, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით, 2030 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.