LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებით საქართველოში ბიზნესფორუმი ჩატარდება

101

თბილისში ევროპის საფოსტო ორგანიზაციის PostEurop-ის პლენარული სხდომის და ბიზნეს ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და PostEurop-ის გენერალური მდივანი ბოტონდ სებენი დაესწრნენ.

”საქართველოს ფოსტის” ინფორმაციით, ბოტონდ სებენი საქართველოში PostEurop-ის რიგით 34-ე პლენარული სხდომისა და დაარსებიდან 25-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძების წინამოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით არის ჩამოსული. სხდომა თბილისში 2018 წლის 2-4 ოქტომბერს გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში PostEurop-ის გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საორგანიზაციო ჯგუფთან, რომლის დროსაც დაიგეგმება და გაიწერება სამუშაო სტრატეგია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ PostEurop-ის 34-ე პლენარული სხდომის ფარგლებში, საქართველოს 49 ევროპული ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორის ხელმძღვანელი პირები ეწვევიან. განხილული იქნება საფოსტო რეფორმები, საფოსტო სფეროს განვითარების გეგმები და წევრთა შორის პარტნიორული კავშირების გამყარების შესაძლებლობები.

ამასთანავე „საქართველოს ფოსტის“ მხარდაჭერით ჩატარდება ბიზნესფორუმი, რომელშიც საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.

„ორი წლის წინ „საქართველოს ფოსტას“ ერგო პატივი უმასპინძლოს PostEurop-ის 2018 წლის პლენარულ სხდომას და ბიზნეს ფორუმს. ეს ღონისძიება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან აღინიშნება PostEurop-ის დაარსებიდან საიუბილეო 25-ე წელი. აღნიშნულ ღონისძიებას 200-მდე ევროპელი დელეგატი დაესწრება, ჩვენ განვიხილავთ საფოსტო ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს და ცვლილებებს რომელსაც საჭიროებენ საფოსტო ოპერატორები, რათა გადაერთონ თანამედროვე ბიზნეს მოდელზე და უპასუხონ ახალ გამოწვევებს, როგორიც არის მაგალითად ელექტრონული კომერცია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა საფოსტო ბიზნესისათვის საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მისაღწევად. „საქართველოს ფოსტამ“ მოკლე დროში სწორი მენეჯმენტით შეძლო მიეღწია ევროპული სტანდარტებისთვის და მეტად მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება სხვა საფოსტო ოპერატორებისთვის, „საქართველოს ფოსტა“ არის მაგალითი საფოსტო ბიზნესის სწრაფი და სწორი განვითარების, მე ვნახე რეალური შედეგები და ეს უნდა გაიგოს ყველა საფოსტო ოპერატორმა“, – განაცხადა PostEurop-ის გენერალურმა მდივანმა ბოტონდ სებენმა.

”საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, ევროპული საფოსტო საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიება საქართველოში, ოქტომბრის დასაწყისში თბილისში გაიმართება.

”ამ ეტაპზე მიმდინარეობს ღონისძიების გასამართად წინამოსამზადებელი სამუშაოები. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს PostEurop-ის პლენარულ სხდომებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესისათვის, მესამე დღეს გაიმართება ბიზნეს ფორუმი. ევროპის ყველა ბიზნესი რომელიც დაკავშირებულია ლოჯისტიკურ და საფოსტო საქმიანობასთან ცდილობს ამ ფორუმზე წარმოადგინოს ინოვაციური პროდუქტები, პროექტები და ხედვები. ეს არის შესაძლებლობა როგორც ევროპელი, ასევე ქართველი მეწარმეებისა და ბიზნესმენებისათვის ახალი კონტაქტების დამყარების და მათი ლოჯისტიკური სქემების გაფართოებისათვის“, – განაცხადა „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

PostEurop წარმოადგენს ევროპის საზოგადოებრივ საფოსტო კავშირს, რომელიც 1993 წელს ბრიუსელში დაარსდა. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს საფოსტო ბიზნესის განვითარებას და წევრთა შორის პარტნიორული კავშირების გამყარებას, ასევე საერთაშორისო საფოსტო პროდუქტების მდგრად ზრდას და უწყვეტ ინოვაციას. „საქართველოს ფოსტა“ 2012 წლიდან წარმოდგენილია PostEurop-ის სრულუფლებიან წევრად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g