დაახლოებით 200 ათასი იხვი მოკლეს საფრანგეთში. მიზეზი ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქებაა. საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პრევენციული ღონისძებების სახით, იგეგმებაკიდევ 400 ათასი იხვის განადგურება.
სამინისტროს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის პირველი იანვრისთვის ქვეყნის სამხრეთით დაფიქსირებული 61 შემთხვევიდან, 48 მხოლოდ ერთ ლოკაციაზე, ლანდის დეპარტამენტში დადასტურდა.
„აფეთქებები დეპარტამენტის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, რომელიც იხვებით ძალიან მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა. ექსპერტები ამ დრომდე სწავლობენ ვითარებას და თუ ვირუსის გავრცელება გაგრძელდება, კიდევ უფრო მკაცრი ზომების მიღება მოგვიწევს.“- აცხადებს სამინისტროს წარმომადგენელი ლოიკ ევინი.
გასულ კვირას შემთხვევები გამოვლინდა გერმანიის 2 ფერმაში.
„ფრინველის გრიპი კვლავ ძალიან აქტუალურია, ამიტომ ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.“ – აღნიშნა გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა თილ ბექჰაუსმა.
გერმანიაში შემთხვევების აღმოჩენის შემდეგ 100-ზე მეტი ფრინველი უკვე გაანადგურეს. აღსანიშნავია, რომ გერმანიის რისკის შეფასების ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ვირუსი 2020 წლის ივლისიდან დაფიქსირებულია რუსეთსა და ყაზახეთში ველურ ფრინველებზე.
ფრინველის გრიპი გავრცელებულია ფრინველთა შორის. თუმცა იშვიათ შემთხვევაში ის გავლენას ახდენს ადამიანებზე. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ფრინველებში გავრცელებული გრიპი ადამიანზე გადავიდა.
ადამიანებში მათი გადაცემის თავიდან აცილების გამო 2016 -2017 წლებში 6 მილიონამდე იხვი მოკლეს.