LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საგარეო უწყებას მოვუწოდებთ, გაასაჯაროოს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა ქალაქებისა და ქვეყნების მითითებით“ – ISFED

118
არჩევნები 2024

„მაღალი საჯარო ინტერესისა და პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, „სამართლიანი არჩევნები“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, საჯარო გახადოს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ქალაქებისა და ქვეყნების მითითებით“, – ამის შესახებ განცხადებას „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ავრცელებს.

ISFED ეხმაურება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 42 ქვეყანაში 60 უბანი გაიხსნება და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საკმარისად მაინც ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებას:

„26 სექტემბერს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (შემდგომში „ცესკო“) მიიღო განკარგულება, რომლითაც საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნის საკითხი გადაწყვიტა. განკარგულების დანართის მიხედვით, საზღვარგარეთ 42 ქვეყანაში 60 უბანი გაიხსნება, რაც 10 საარჩევნო უბნით აღემატება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ გახსნილი უბნების რაოდენობას. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება საკმარისად მაინც ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებას. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისე ცესკომ არ გამოავლინეს სათანადო ნება და არ მიიღეს ყველა ზომა იმისათვის, რომ მეტი საარჩევნო უბანი გახსნილიყო საზღვარგარეთ, მათ შორის იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები არ აქვს, მაგრამ საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე მდგომი პირების შესახებ საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვამ და გამჭვირვალობის ნაკლებობამ გარკვეული კითხვები გააჩინა საზოგადოებაში“, – აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში წერია, „ცესკო-ს მიერ 26 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, უბნები არ არის გახსნილი საზღვარგარეთ, დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების მიღმა, მოქალაქეების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სხვა ქალაქებში, რომლებშიც მის გახსნას საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები მოითხოვდნენ.

„სამართლიანი არჩევნების“ პოზიციით, ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით გარანტირებულ, არჩევნების ხელმისაწვდომობის პრინციპსა და საარჩევნო უფლების არსთან. საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს არჩევნების იმგვარად ჩატარება, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს საზღვარგარეთ ჰქონდეს ხმის მიცემის უფლების თანაბარი რეალიზების შესაძლებლობა, რისთვისაც აუცილებელია, მოქალაქეებს შეეძლოთ, მარტივად, გაუმართლებელი დაბრკოლებების გარეშე მივიდნენ საარჩევნო უბანზე და მისცენ ხმა“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

mazda magti 5g