საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 28 ნოემბრიდან დღემდე, დემონსტრანტების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
როგორც საია-ს ანგარიშშია აღნიშნული, „2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში დაწყებული მასშტაბური პროტესტის ფონზე 30-ზე მეტი მოქალაქე სისხლის სამართლის წესით დააკავეს და ყველა მათგანს პატიმრობა შეუფარდეს. თუმცა არც ერთი სამართალდამცავი, ვინც აქციების მონაწილეებზე ძალადობდა, პასუხისგებაში არ მიცემულა“.
როგორც ასოციაციაში აღნიშნავენ, საიას მონიტორინგის მიხედვით, სასამართლოებში დაკავებულებისთვის პატიმრობა გამოიყენება ინდივიდუალური გარემოებების გაუთვალისწინებლად.
„დაკავებულთა შორის არიან სტუდენტები, სოციალურად დაუცველი პირები და ოჯახების ერთადერთი მარჩენლები. ბრალდებები ხშირად არ ეფუძნება დამაჯერებელ მტკიცებულებებს, ხოლო მოსამართლეები ნაკლებად ინტერესდებიან ბრალდების დასაბუთებით.
დაკავებულები მიუთითებენ ძალადობის, დამამცირებელი მოპყრობისა და უფლებების დარღვევაზე, რასაც მოსამართლეები უმეტესად უგულებელყოფენ…
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი საიას არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, პოლიციის ძალადობის შემთხვევები, მათ შორის, 2023 წლის მარტსა და 2024 წლის აპრილ-მაისში, საპროტესტო აქციების დროს, გამოუძიებელი რჩება. ანგარიშვალდებულების ასეთი დაბალი ხარისხი დაუსჯელობას პრაქტიკად აქცევს.
ამის პარალელურად კი, მზარდია სისხლის სამართლის ინსტრუმენტების გამოყენება აქტივისტების მიმართ, რისი ერთ-ერთი მიზანიც, განსხვავებული აზრის ჩახშობაა. აქტივისტებს ბრალი ედებათ ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა2 (სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი), აფეთქების მომზადება3 (სსკ-ის 18, 229-ე მუხლი), პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით4 (სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი) და სხვა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
საია-ს მონიტორინგის შედეგებში მიმოხილულია დემონსტრანტების ბრალდების საქმეებთან დაკავშირებით 2024 წლის 6 დეკემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარე პროცესებზე გამოკვეთილი პრობლემური საკითხები.
„რამდენიმე დაკავებულმა დემონსტრანტმა აღნიშნა მათზე დაკავების დროს, ტრანსპორტირებისა თუ განყოფილებაში მიმდინარე არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. მაგალითად:
ალეკო ელისაშვილმა ჩვენება მისცა, რომ დაკავებისას მანქანაში ჩასვეს და სცემეს.
საბა სვიტარიძემ დეტალურად აღწერა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოცდილება. სხვიტარიძის განმარტებით, ის პოლიციამ ზესტაფონის გზაზე დააკავა, მისთვის არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი, არც ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა მისცეს, შემდეგ გადასცეს გორთან გაურკვეველ ოპერატიულ ჯგუფს და გადაიყვანეს დიღომში მდებარე პოლიციის სამმართველოში. დიღომში, სამმართველოს შენობაში, მეხუთე სართულზე, მას ოთხი ნიღბიანი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა და სცემა, შემდგომ კი ამავე შენობის მერვე სართულზე საპატრულო ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებამ, რომელსაც ნიღაბი ეკეთა, სხვა პირებთან ერთად კვლავ იძალადა მასზე.
რევაზ კიკნაძემ განაცხადა, რომ მას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ქვეშ აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული და დაედანაშაულებინა სხვები, რაც გამოიწვევდა მის მიმართ სისტემის მხრიდან ლოიალურ დამოკიდებულებას.
ბრალდებულების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, სხვა გამოცდილებებთან ერთად, განამტკიცებს იმ ფაქტს, რომ პირების მიმართ წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას სისტემური და ფართომასშტაბიანი ხასიათი აქვს“, – აღნიშნულია საია-ს ანგარიშში, რომელსაც სრულად გაეცნობით აქ.
📣 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში დაწყებული მასშტაბური პროტესტის ფონზე 30-ზე მეტი მოქალაქე სისხლის სამართლის…
Posted by საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია on ორშაბათი, 09 დეკემბერი, 2024
ფოტო სლაიდზე: ნიკოლოზ ურუშაძე