LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია: „გელა ნადირაძის ადგილსამყოფელის, მისი მდგომარეობისა და დაზიანებების მიყენების გარემოებების ირგვლივ არსებული ბუნდოვანებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მყისიერად დაიწყოს გამოძიება”

126
საია

საია მოქალაქე გელა ნადირაძის ადგილსამყოფელის, მისი მდგომარეობისა და დაზიანებების მიყენების გარემოებების ირგვლივ არსებული ბუნდოვანებიდან გამომდინარე, მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაზარალებულის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მყისიერად დაიწყოს გამოძიება.

აქციაზე დაკარგული მამაკაცი, რომელსაც ახლობლები 2 დღე ეძებდნენ, იპოვეს – შსს-ის ცნობით, დაკავებული გელა ნადირაძე 30 აპრილს ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

„30 აპრილის აქციის დარბევის ღამეს, როგორც საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, და როგორც ამ კადრებიდან გამომდინარე, ოჯახი ადასტურებს, სამართალდამცავების ეფექტიანი კონტროლის ქვეშ ფიზიკურ ძალადობას დაექვემდებარა მოქალაქე გელა ნადირაძე.

ამ დრომდე ოჯახი ეძებდა გელა ნადირაძეს, თუმცა ვერ პოულობდა, მათ შორის, საავადმყოფოებსა და იზოლატორებში ინფორმაციის მოკითხვის გზით. დაახლოებით ერთი საათის წინ, ოჯახს ეცნობა, ინფორმაცია, რომ პირი გადაყვანილი იყო შპს ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოში” და აღენიშნებოდა ნეკნების მძიმე დაზიანება. ოჯახის წევრებს საავადმყოფოს წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბრისას განუცხადეს, რომ დაზარალებული პოლიციის მიერ იქნა საავადმყოფოდან გადაყვანილი, ხოლო, ადგილზე მისულებს კი, განუცხადეს, რომ გელა ნადირაძე გაწერილია საავადმყოფოდან დღეს, თუმცა, პოლიციას იგი არ წაუყვანია.

გელა ნადირაძის ადგილსამყოფელის, მისი მდგომარეობისა და დაზიანებების მიყენების გარემოებების ირგვლივ არსებული ბუნდოვანებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მყისიერად დაიწყოს გამოძიება გელა ნადირაძის საქმეზე, ჩაატაროს ყველა საჭირო მოქმედება, მათ შორის, დაზარალებულის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით და აცნობოს საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, თუ გელა ნადირაძემ მიიღო დაზიანებები პოლიციის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ, საჭიროა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად დაიწყოს, და არ მოხდეს დაზარალებულის დაშინება ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება” – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები