LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია მეხანძრის საპენსიო ასაკს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

63
Untitled design

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მეხანძრის საპენსიო ასაკს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ორგანიზაციამ სასამართლოს მერაბ მურადაშვილის სახელით მიმართა.

საია-ს მიაჩნია, რომ მეხანძრისთვის დადგენილი საპენსიო ასაკი – 55 წელი – არაკონსტიტუციურია და თანასწორობის უფლებას ეწინააღმდეგება. მეხანძრე ავტომატურად თავისუფლდება სამსახურიდან, როგორც კი 55 წელს მიაღწევს.

ასოციაციაში მიუთითებენ, რომ ეს წესი, ასაკის ნიშნით, დისკრიმინაციულია, რადგან 55 წელს მიღწევა ადამიანის სახანძრო სამსახურიდან გათავისუფლების ერთადერთი საფუძველია:

“გათავისუფლებამდე არ ხდება იმის შეფასება, 55 წელს მიღწეულ პირებს რამდენად აქვს სახანძრო და სამაშველო საქმიანობაში მონაწილეობის მიღების ფიზიკური უნარები. თუკი 55 წელს მიღწეულ პირს აქვს იმის შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების ლიკვიდაციაში, არავითარი გამართლება არ გააჩნია ასეთი პირის სამსახურიდან გათავისუფლებას მხოლოდ ასაკის გამო.

სარჩელში საია მიუთითებს, რომ 55 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ მეხანძრე-მაშველებს უნდა უტარდებოდეთ ინდივიდუალური შემოწმება (მაგალითად, ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება) და მხოლოდ ამგვარი შემოწმების უნდა წყდებოდეს მათი თანამდებობაზე დატოვების ან გათავისუფლების საკითხი. აღნიშნული ინდივიდუალური შეფასების პირობებში, ერთი მხრივ, გამართულად იმუშავებს სახანძრო სამსახური, ხოლო მეორე მხრივ, არც მეხანძრეებს მოუწევთ ასაკის გამო სამსახურის დატოვება. 55 წელს მიღწეული მეხანძრის უნარების შეფასება არ იქნება დამატებითი ხარჯი საგანგებო სიტუაციების სამსახურისათვის, რადგან კანონმდებლობა ისედაც ითვალისწინებს მეხანძრე-მაშველთათვის ფიზიკური მომზადების დონის პერიოდულ შემოწმებას.” – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია-ში განმარტავენ, რომ მეხანძრის საპენსიო ასაკი კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას არღვევს.

პოპულალურები