„ჩვენ ვიწყებთ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერების შედეგად დაზიანებული ადამიანების სახელით სამართალწარმოებას. სამართალწარმოების პირველი ნაბიჯი არის სწორედ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადების წარდგენა“, – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა განაცხადა.
როგორც ბრიფინგზე საია-ს თავმჯდომარემ განმარტა, საია ამ ეტაპზე იცავს 7 დაზარალებულს, რომლებმაც ორგანიზაციას სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემაზე მიაწოდეს ინფორმაცია და თითოეულ მათგანს აღნიშნული პრობლემები დღემდე აწუხებთ.
ონიანის თქმით, აღნიშნულს ისინი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან მათ წინააღმდეგ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს უკავშირებენ.
„ჩვენ ვიწყებთ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერების შედეგად დაზიანებული ადამიანების სახელით სამართალწარმოებას. სამართალწარმოების პირველი ნაბიჯი არის სწორედ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადების წარდგენა.
ამ განცხადებაში ჩვენ ვასაბუთებთ არა მარტო ინდივიდუალურ გარემოებებს კონკრეტულ პირებთან მიმართებით, რომლებიც დაზიანდნენ და რა სახის დაზიანებას უჩივიან, არამედ ვასაბუთებთ, ზოგადად, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის პრაქტიკის უკანონობას საქართველოს კანონმდებლობით და ამ უკანონობის შესწავლის აუცილებლობას, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებში.
ვითხოვთ გამოძიების შესახებ სრულ ინფორმაციას, პირების დაზარალებულად ცნობას და ამის შემდეგ ყველა ნაბიჯს თანმიმდევრულად გავყვებით. ჩვენ მოგვმართა 7-მა ადამიანმა, რომელთაც სურთ ამ საქმეზე სამართალწარმოება“, – განაცხადა თამარ ონიანმა.
საია-ს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარდება, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართონ.
„ჩვენ ყველა ნაბიჯს თანმიმდევრულად გავყვებით. თუკი ვერ შევძლებთ, რომ სამართალი ვიპოვოთ ქვეყნის შიგნით, ასევე გამოვიყენებთ ყველა იმ საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმას, სადაც საქართველო ანგარიშვალდებულია სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით“, -განაცხადა თამარ ონიანმა.
