მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი საქართველოს შესახებ ვიდეოს აქვეყნებს, რომლებშიც ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სტრატეგიულ სავაჭრო ჰაბად მოიხსენიებს.
Reuters-ის გადამღებ ჯგუფს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ უმასპინძლა. ჟურნალისტებმა დაათვალიერეს საწარმოები და გაიცნეს ის ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ. მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ პირველ ვიცე-პრემიერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, რომელმაც სტუმრებს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა გააცნო.
„საქართველოს დედაქალაქი 21-ე საუკუნის დინამიკურ, თანამედროვე ბიზნეს ცენტრად გადაიქცა. ქვეყანა აშკარად ღიაა ბიზნესებისთვის. ბევრი მიზეზია, რათა ინვესტორები ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი. ეკონომიკური სტაბილურობა მათი ინტერესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია – ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა, რაც მკაფიოდ გამოხატავს ეკონომიკის მედეგობას“, – ნათქვამია ვიდეოში.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციის მიმართულებით. სააგენტოს ჩართულობით ბოლო 5 წლის განმავლობაში მოზიდული საინვესტიციო პროექტების საერთო მოცულობამ 6 მლრდ დოლარამდე შეადგინა, რის შედეგადაც ათეულობით ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.