სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სავარაუდო არაკანონიერი მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და უკანონო მიყურადებაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ვინაიდან გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნებს, აუცილებელია დაიწყოს გამოძიება და დაისაჯონ უკანონო მიყურადებაზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ.
“სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველისა და სხვადასხვა მოქალაქის სარჩელები და არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მოსმენა-მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა. თუმცა, საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 22 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულ სტანდარტებს კვლავ ვერ აკმაყოფილებდა, რის გამოც სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით კიდევ ერთხელ მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის განხილვა 2018 წელს დაასრულა, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
შეგახსენებთ, “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და დირექტორმა ნიკა გვარამიამ 1 აგვისტოს გადაცემა “მთავარ აქცენტებში” გაასაჯაროვა მასალები, რომლებიც, მისი თქმით, ასახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის – სუსის – მიერ პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესმენების, სასულიერო პირების და ჟურნალისტების უკანონო მოსმენებსა და თვალთვალს.