საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საგანგებო რეჟიმზე გადადის და 2018 წლის 2 ივლისამდე აჩერებს სამუშაო პროცესს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე იმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწვევს ბიძგებს, რაც ისედაც ავარიულ შენობას დამატებით საფრთხეს უქმნის.
უმრავლესობის დეპუტატმა სოფო კილაძემ უკვე მოუწოდა შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სახალხო დამცველის ოფისისთვის შესაბამისი ფართის გამოყოფა.
„სახალხო დამცველი არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი ადამიანის უფლებების მონიტორინგის კუთხით საქართველოში. ყოვლად დაუშვებელია ოფისის მუშაობის შეწყვეტა. მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სახალხო დამცველის ოფისისთვის შესაბამისი ფართის გამოყოფა, იმისთვის, რომ მან შეძლოს გააგრძელოს ადამიანის უფლებების დაცვა შესაბამისი მაღალი სტანდარტით“, – აღნიშნულია სოფო კილაძის განცხადებაში.
იმისთვის, რომ საქმისწარმოება არ შეჩერდეს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ განცხადებები დატოვონ მისაღებში, თუმცა მათი რეგისტრაცია მხოლოდ ორშაბათიდან მოხერხდება. ცვლილება ასევე შეეხება ცხელი ხაზის რეაგირების ჯგუფს. დროებით ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება ნომერზე – 598083006. ასევე, ელექტრონულ მისამართზე [email protected]
უწყებაში ამბობენ, რომ მთავრობამ ომბუდსმენის ოფისისთვის ალტერნატიული ფართის დაქირავების მიზნით დამატებით თანხა უნდა გამოყოს.