პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს კენჭი უყარეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერილ ერთ-ერთ კანდიდატს, ნაზი ჯანეზაშვილს. ამის მიზეზი მისი პარლამენტში გასაუბრებაზე არ მისვლა გახდა.
კენჭისყრამდე კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ფრაქციის გადაწყვეტილებაა, მხარი დაუჭირონ ყველა იმ კანდიდატს, ვინც პროცესში მონაწილეობა მიიღო და კომიტეტმა მათი კანდიდატურები განიხილა.
„ამჟამად მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაციები იმის გასარკვევად, რომელ კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს 90 ხმის მიღების პოტენციალი. პროცესს ხელი რომ არ შეეშალოს, გადავწყვიტეთ, ყველა კანდიდატს, ვინც კომიტეტმა განიხილა და ვინც მონაწილეობა მიიღო პროცესში, მხარი დავუჭიროთ და საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას დავუტოვოთ.“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
რაც შეეხება იმ კანდიდატურებს, რომლებსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა, ესენი არიან:
- ანა აბაშიძე
- მარიკა არევაძე
- გიორგი ბურჯანაძე
- ლელა გაფრინდაშვილი
- სოფიო დემეტრაშვილი
- თინათინ ერქვანია
- ევგენია თავაძე
- ალექსანდრე კობაიძე
- ლევან კოკორაშვილი
- ნუგზარ კოხრეიძე
- გიორგი მარიამიძე
- სერგო მახარაძე
- მაკა მინდიაშვილი
- ქეთევან ჩაჩავა
- იაგო ხვიჩია
რეგლამენტის მიხედვით, კენჭისყრისთვის სახალხო დამცველობის ყველა კანდიდატი იქნება წარდგენილი. შესაბამისად, მიხეილ სარჯველაძის თქმით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარდგენილ 19-ვე კანდიდატს.