LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაციების ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს

73

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საერთაშორისო ორგანიზაციების ვალდებულებები წარმატებით შეასრულა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებს ევროკავშირისა და საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ბაზრების ქმედით, ორმხრივ და ეტაპობრივ გახსნას. სახელმწიფო შესყიდვების ბაზრების გახსნა დაკავშირებულია ეტაპობრივ წინსვლასთან საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით, რასაც თან უნდა ახლდეს ინსტიტუციური რეფორმები და სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანი სისტემის სრულყოფა, ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი პრინციპების საფუძველზე.

2016 წლის 31 მარტს საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევი“.

ამ გზამკვლევის მიხედვით, 2017 წელს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში განხორციელდა პირველი ცვლილებები, რომლის მიზეზია, ასოცირების შესახებ შეთანხმების 144-ე მუხლით გათვალისწინებულ საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების ძირითად სტანდარტებთან დაახლოება. აღნიშნული გულისხმობს კანონში თანასწორი მოპყრობისა და პროპორციულობის პრინციპების ასახვას; შემსყიდველ ორგანიზაციების ვალდებულების გაწერას, რომ მოთხოვნები ჩამოაყალიბონ არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ შესრულებისა და ფუნქციური სპეციფიკაციების საშუალებით. ამასთან, სავალდებულო გახდა შესყიდვის მინიმალური ვადების გაზრდა, რაც ტენდერში მონაწილეობის მსურველს მისცემს სატენდერო პირობების სრულფასოვნად შეფასებისა და სატენდერო წინადადების ჯეროვნად მომზადების შესაძლებლობას.

სახელმწიფო შესყიდვების eProcurement სისტემის მეშვეობით საჯარო ელექტრონული ტენდერების შესახებ მონაცემთა აგრეგირება და მათი ანალიზი არის სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტი. იმავდროულად, ამის განხორციელებას ითხოვს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია(WB, OGP, OCP) თუ საფინანსო ინსტიტუტი, ასევე ქართული სამოქალაქო საზოგადოება. აღნიშნული აქტივობა ეხმარება სააგენტოს გააანალიზოს როგორც შესყიდვის ახალი პროცედურები, მეთოდები და საშუალებები, ასევე ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეიმუშავოს რეკომენდაციები მათი გაუმჯობესების მიზნით. ტენდერებზე აგრეგირებული ინფორმაციისა და  სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების შესახებ გაერთიანებული ინფორმაციის გამოქვეყნება იგეგმება Open Contracting Data Standard-ის (OCDS) ფორმატის დანერგვის ფარგლებში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მსოფლიო ბანკისა და ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით აქტიურად მუშაობს ქართულ საჯარო შესყიდვებში ღია მონაცემთა სტანდარტის  დანერგვისათვის, რომლის ფარგლებშიც მოხდება ტენდერებზე აგრეგირებული ინფორმაციის გამოქვეყნება და დაინტერესებული პირთათვის გაადვილებული და დაჩქარებული მიწოდება. აღსანიშნავია, რომ OCDS გულისხმობს ღია მონაცემთა პუბლიკაციის სტანდარტის შემოღებას, რომელიც უზრუნველყოფს კონტრაქტის ყველა ეტაპზე (დაგეგმარებიდან განხორციელებამდე), სტრუქტურიზებული  ინფორმაციის გამოქვეყნებას. საგანგებოდ შექმნილ ახალ ვებგვერდზე http://opendata.spa.ge/  ეტაპობრივად გამოქვეყნდება საჯარო ინფორმაცია და მონაცემები ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული ელექტრონული ტენდერების შესახებ JSON-ფორმატში სათანადო ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების გამოყენებით.

ევროკავშირის კანონმდებლობასთან აპროქსიმაციის ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების აღსასრულებლად, ელექტრონულ სისტემაში განხორციელდა შესაბამისი მოდიფიკაცია და დაემატა ახალი ელექტრონული სერვისები. გარდა ამისა, დაპროექტდა, შეიქმნა, გაიტესტა და გაეშვა შესყიდვის ახალი პროცედურა „ელექტრონული ტენდერი პრეკვალიფაკიით“ – TEP.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ  შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის ტენდერების წინამოსამზადებელი სამუშაოების უკეთ წარმართვისა და ბაზრის კვლევის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, შექმნა შესყიდვის ობიექტებისა და მიმწოდებლების ელექტრონული კატალოგი (eMarket), რომელიც მოიცავს ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის, მიმწოდებლების, შესყიდვის კატეგორიების (CPV კოდები), მწარმოებელი ქვეყნის, სახეობა/მოდელების, სპეციფიკაციების, ფასებისა და მიწოდების პირობების შესახებ.

სიახლე საშუალებას მისცემს შემსყიდველ ორგანიზაციებს სახელმწიფო შესყიდვების წინა მოსამზადებელ ეტაპზე უფრო ეფექტურად დაგეგმონ თავიანთი შესყიდვები და მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღონ ინფორმაცია ბაზარზე არსებული ფასების, მიმწოდებლების და პირობების შესახებ. გარდა ამისა, web-based eMarket ხელს შეუწყობს შემსყიდველ ორგანიზაციებს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების სწორად განსაზღვრაში, შეამცირებს კორუფციულ რისკებს, რომელიც დაკავშირებულია შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან არაადეკვატურად მაღალი ფასის მითითებასთან, მნიშვნელოვნად შეამცირებს აგრეთვე, არშემდგარი ტენდერების რაოდენობას და დაეხმარება შემსყიდველ ორგანიზაციებს ფინანსური სახსრების რაციონალურ ხარჯვაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები