LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო “ევროპული საქართველოს” ბრალდებებს პასუხობს

შესყიდვების საგნეტო

“ევროპული საქართველოს” ბრალდებებს შესყიდვების სააგნეტო პასუხობს. სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაცია მუნიციპალიტეტებში ათასობით სკოლის მოსწავლეების სასკოლო ტრანსპორტით მომსახურების გარეშე დატოვების თაობაზე, რომელიც “ევროპულამ საქართველომ” გაავრცელა, სინამდვილეს არ შეესაბამება. შესყიდვების სააგენტოს ინფარმაციით, ერთდღიანი შეფერხება მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში იყო, რომელიც უკვე აღმოფხვრილია.

“ვინაიდან 2019 წლიდან სასკოლო ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვას ახორციელებენ  მუნიციპალიტეტები, 2018 წლის 27-28 დეკემბერს, სასკოლო ტრანსპორტით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ყველა მუნიციპალიტეტში, კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, გამოცხადდა ინდივიდუალური ტენდერები (სულ – 58 ტენდერი).  კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადება მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო სახსრების დაზოგვის კუთხითაც, ვინაიდან  ამ მომსახურებას მხოლოდ 3 კომპანია ახორციელებდა, ხოლო ღირებულება ყოველწლიურად იზრდებოდა. ახალი მიდგომების გათვალისწინებით, შემდგარი ტენდერებით მიღებულმა ეკონომიამ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა. ტენდერების გამოცხადების შედეგად, აღნიშნული მომსახურების სფეროში გამოჩნდნენ ახალი, მათ შორის, ადგილობრივი კომპანიები, რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა კონკურენცია.

კონსოლიდირებული ტენდერებიდან დადებითად დასრულდა 9 მლნ. ლარის ღირებულების ტენდერები, რომლებზეც 18 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულებები, ხოლო ყველა იმ მუნიციპალიტეტმა, რომლებშიც ვერ შედგა ტენდერი, ხელახალი ტენდერების გამოცხადებამდე, ხელშეკრულებები გააფორმეს პირდაპირი წესით. შესაბამისად, მუნიციპალიტეტების სკოლებს სასკოლო ტრანსპორტის მომსახურება მიეწოდებათ შეუფერხებლად. ერთდღიანი შეფერხება იყო მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში, რომელიც უკვე აღმოფხვრილია.

პოლიტიკური ორგანიზაცია „ევროპული საქართველოს“ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს მათ შორის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ლამბალოს სკოლასთან მიმართებაშიც. მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 2019 წლის 21 იანვარს და სკოლის ბავშვთა ტრანსპორტირებას რაიმე სახის დაბრკოლება არ შექმნია. აღნიშნულს ადასტურებს კონტრაქტორი გადამყვანი კომპანიაც, ხოლო ხელშეკრულება საჯაროა, განთავსებულია შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

საკითხის სენსიტიურობის გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან,” – ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს განცხადებაში.

დღეს „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 21 იანვარს საქართველოს 36 რაიონის 100-ზე მეტი სკოლის ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშე დარჩა და ათობით კილომეტრის გავლა სკოლამდე ფეხით მოუწია. როგორც უგულავამ სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, ამის მიზეზი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის “გაუაზრებელი გადაწყვეტილება გახდა”, რომლის მიხედვითაც, რაიონებს სატრანსპორტო შესყიდვების ჩატარების შესაძლებლობა ჩამოერთვათ.

ამავე ბრიფინგზე გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო”  შესყიდვების სააგენტოს იმ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს, რომელთაც პრობლემის დროულად მოწესრიგება ევალებოდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები