LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფოებრიობანას თამაში თუ გენპროკურორის არჩევა – როგორ ირჩევდნენ შოთაძეს ქვეყნის მთავარ მბრალმდებელად

81
Capture

საკანონმდებლო ორგანოში გენპროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა ხმაურით დაიწყო. პარლამენტის წევრები თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია კომიტეტის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ და პოლიტპატიმრების სია მიიტანეს.

ინციდენტი მალევე დასრულდა. „ბუნტისთავმა“ დეპუტატებმა სხდომა დატოვეს, შოთაძემ კი თავისი ხედვა წარადგინა.

ყოფილი მთავარი პროკურორი მომხდარ ინციდენტს აკაკი წერეთლის ციტატით გამოეხმაურა, „მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა“. ჩემი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით სწორედ ესაა“, – აღნიშნა შოთაძემ საკუთარი ხედვის წარდგენამდე.

გენპროკურორის არჩევის რეგულაციის კრიტიკის უკან ცალსახად იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია, განაცხადა ყოფილმა მთავარმა მბრალმდებელმა.

„ამ რეალობაში პროკურორი ცდილობს აკეთოს თავისი საქმე და ეს გარე ფონი, მის მართლაც სტრესულ საქმიანობას ხანდახან აუტანელს ხდის. თუმცა, ყველა პროკურორს უნდა ახსოვდეს, რომ ეს პროცესი არასდროს არ ყოფილა მარტივი“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შოთაძემ სიტყვით გამოსვლა სიტყვა პროკურატურის ეტიმოლოგიით დაიწყო.

“ტერმინი პროკურატურა მოდის ლათინური სიტყვისგან “პროკურო”, “პროკურარე”, რაც ნიშნავს ზრუნვას მართვას უზრუნველყოფას, აღკვეთას. ამ სიტყვის მნიშვნელობიდანაც ძალიან კარგად ჩანს ის როლი, რაც პროკურატურას აკისრია, ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების უზრუნველყოფა “, – განმარტა შოთაძემ.

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, პროკურორისა და მოსამართლის ხელფასები უნდა გათანაბრდეს.

“ვფიქრობ, სოციალური გარანტიების მიზნით მიზანშეწონილია შესრულდეს ევროსაბჭოს რეკომენდაცია და პროკურორისა და მოსამართლის ხელფასი გათანაბრდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პროკურორებს ანაზღაურება გაეზარდოთ. ამ მიმართულებით აქტიურად ვაპირებ მუშაობას, რათა თითოეულ პროკურორს მძიმე და საპასუხისმგებლო საქმიანობის ადეკვატური ანაზღაურება ჰქონდეს“, – განაცხადა შოთაძემ.

ირაკლი შოთაძეს დეპუტატებმა, როგორც მოსალოდენელი იყო, მწვავე კითხვები დაუსვეს.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა შოთაძე წინასწარ გააფრთხილა, რომ მის გამოსვლაში სინაზის კომპონენტები არ იქნებოდა, რადგან „ჩვენ ვირჩევთ გენერალურ პროკურორს და აქ არ ვთამაშობთ სახელმწიფოებრიობანას“.

გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, შოთაძის გენპროკურორობის დროს რატომ ვერ მოხერხდა დავით კეზერაშვილის, ირაკლი კოდუას, მეგის ქარდავას დაკავება და რატომ გამოუშვეს ციხიდან გიგი უგულავა.
ლევან გოგიჩაიშვილმა შოთაძეს ის ექვსი წელიც შეახსენა, როდესაც ადეიშვილის პროკურატურაში მსახურობდა. შინაგანად უხერხულ მდგომარეობაში არ იქნებით, რომ თქვენი შეცდომების გამო ხართ წასული და ახლა ბრუნდებით? დაინტერესდა გოგიჩაიშვილი.

რატომღაც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გამარჯვება ახლა თქვენთან ასოცირდება, რაც ჩემთვის ცოტა გაუგებარია, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ლევან კობერიძემ გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს განუცხადა.

ლევან კობერიძე დაინტერესდა, რატომ დაიხურა „თბილავიამშენის“ საქმე შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში და რით განსხვავდება ის სხვა წართმეული ქონების საქმეებისგან.
„რამდენად ნორმალურია, დასაქმდე იმ კომპანიაში, რომლის საქმესაც ფინანსურ პოლიციაში იძიებდით, შემდეგ პროკურატურაში მუშაობისას ეს საქმე დახურეთ და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ამ კომპანიაში დაიწყეთ მუშაობა, – დაინტერესდა კობერიძე. მისივე თქმით, ნებისმიერი თავმოყვარე პარლამენტი ამ საკითხით დაინტერესდებოდა.

მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, აღძრავთ საქმეს ივანიშვილის წინააღმდეგ? – ეს კითხვა შოთაძეს დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ დაუსვა.
„მარტივ მოდელირებას შემოგთავაზებთ. თუ თქვენ ხელთ არის მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ კორუფციული დანაშაული, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა პირობითად ბიძინა ივანიშვილმა.თქვენი რეაგირება ამასთან დაკავშირებით როგორი იქნება. ამ მტკიცებულებების საფუძველზე აღძრავთ თუ არა საქმეს და იმოქმედებთ კანონის შესაბამისად. ან ვთქვათ, გედი ფოფხაძე არის არასასურველი პოლიტიკოსი, აღძრავთ თუ არა საქმეს პოლიტიკური მოტივაციით“, – მიმართა გედევან ფოფხაძემ გენპროკურორობის კანდიდატს.
დეპუტატი რატი იონათამიშვილი დაინტერესდა, რა ბერკეტი არსებობს, რომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას გაფლანგული 48 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნდეს.

 

შეგახსენებთ, ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს გადადგა.შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g