რა სახის სოციალურ თუ პოლიტიკურ უსამართლობას აწყდებიან დევნილები? რამდენად დგას პოლიტიკური დღის წესრიგში დევნილთა რეალური საჭიროებები და არის თუ არა ის კონკრეტული ნაბიჯები საკმარისი, რასაც დღეს ხელისუფლება ახორციელებს? – ამ საკითხზე სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა, მარიამ ჯანიაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ილაპარაკა.
იურისტი ორ ძირითად ასახელებს, სადაც სახელმწიფოს პოლიტიკა არ არის ეფექტიანი და ამ მიმართულებით აქვს „ჩავარდნა“.
„ერთი მხრივ, ეს არის საცხოვრისი საჭიროების მქონე ადამიანების ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით პოლიტიკის არ არსებობა.
მეორე მხრივ ეს არის დევნილი მოსახლეობისთვის შესაბამისი სოციალური გარანტიების არ შექმნა და მათი საჭიროებების უგულებელყოფა.
საცხოვრისის მიმართულებით, წლების განმავლობაში სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია რელევანტური და რეალური. დღემდე არ არსებობს სახელმწიფოს სტრატეგია, რომელიც ელემენტარულად დაადგენდა სახელმწიფოს მოკლევადიან თუ გრძელვადიან პოლიტიკას, ხედვას და გადასადგმელ ნაბიჯებს.
სახელმწიფოს უგულებელყოფის შედეგია ზუსტად ის, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია რელევანტური სტატისტიკა უსახლკაროთა შესახებ, რელევანტური სერვისები რომელსაც შესთავაზებს საცხოვრისით საჭიროების მქონე ადამიანებს.
ეს იყო ერთ-ერთი მთავრი საკითხი სანატორიუმის დევნილებისთვის. დევნილები არ იყვნენ თანახმა მოცემულ შემოთავაზებაზე დათანხმებულიყვნენ, რაც ლოგიკურია. შეუძლებელია, მაგალითად გამგეობიდან გამოყოფილმა 300 ლარმა ამ ადამიანებისთვის შექმნას გრძელვადიანი გადაწყვეტა მათი საცხოვრისის პოლიტიკის და პრობლემის. გარდა ამისა, მათი შიშები, რომ რამდენიმე თვის შემდეგ ქუჩაში დარჩებოდნენ ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე.
მეორე შეთავაზება, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა ამ მიმართულებით იყო ბინების ყიდვა. თუმცა ამ შემთხვევაში 1 კვ მეტრზე 550 დოლარის ოდენობით მათთვის ბინების შესაძენად იყო არასაკმარისი. 140-150 ოჯახის მიერ ამ ბინების მოძიება, თუნდაც შესასყიდად ან ბინის ქირისთვის, როცა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, პროცესს ძალიან გაწელავდა.
მეორე მიმართულება, რაც არის დევნილებთან მიმართებაში, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეიარაღებული კონფლიქტიდან თითქმის 30 წელი გავიდა, თუმცა იძულებით გადაადგილებული პირების ნახევარიც კი სახელმწიფომ არ უზრუნველყო საცხოვრისით.
დაახლოებით 290 000 (91 000 მდე ოჯახი) დევნილი პირია რეგისტრირებული 2020 წლის მონაცემებით საქართველოში და აქედან სახელმწიფოს 2020 წლისთვის ჰყავს 42 000 ოჯახზე ოდნავ მეტი განსახლებული, დაახლოებით ამდენივე ელოდება საცხოვრისით უზრუნვლყოფას. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 30 წლის განმავლობაში, როდესაც დევნილთა ნახევარიც კი არ გყავს განსახლებული ნიშნავს, რომ შენი პოლიტიკა არ არის ეფექტიანი და არ ითვალისწინებს ამ ადამიანების საჭიროებას.
თუნდაც ის, რომ ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე არიან ეს ადამიანები დარჩენილები. ისევ და ისევ დევნილთა აქტიურობის და მათი მიმართვიანობის საფუძველზე ხდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სახელმწიფოს მხრიდან“,-განაცხადა მარიამ ჯანიაშვილმა.