სალომე ბარკერი კვლავ წერს თავისი დის, სოფოს შესახებ. შეგახსენებთ, ექსკურსიაზე მყოფი გოგონა შემთხვევით მდინარეში გადავარდა და დაიღუპა. ტრაგიკული ამბის შემდეგ, როგორც სალომე წერს, რეალობისგან გაქცევას ცდილობს.
„ხანდახან რამე ნიუსს, ან ეწ “სასარგებლო” სტატიას ვკითხულობ და ტვინი ინსტინქტურად გამირბის, რომ სოფის ჩავუგდო ლინკი და ვთხოვო, წაიკითხოს. მერე ვილაპარაკოთ და გავარჩიოთ, რა, რატომ და როგორ.
სულ მქონდა შეგრძნება, რომ აი, ცოტა ხანიც, აი, ცოტაც და გაიზრდება იმხელა, რომ ვიქნებით ჩვენ ორნი და სულ რომ დავეხმარები ყველაფერში, რაშიც დავჭირდები. ვასწავლი ყველაფერს, რაც ვიცი. და ამ დროს სოფიმ მასწავლა ყველაფერი მე. მე კიდევ ვერაფერიც ვერ მოვასწარი, რაც მინდოდა, ერთად გვექნა.
რაციონალურად მესმის, რომ “ამაზე დარდს ახლა აზრი არ აქვს”. ემოციურად ყოველდღე გავრბივარ სადღაც ამ რეალობიდან შორს და იქამდე სანამ ენერგია მეყოფა. ვიცი, რომ ყველანი ხედავთ და გვერდით მყავხართ. მადლობა, რომ მამაგრებთ“.
სალომემ ამ სტატუსთან ერთად გამოაქვეყნა თავისი დის ერთ-ერთი მესიჯი, სადაც სოფო სალომეს სწერდა, რომ 17 მაისს, ანტიჰომოფობიურ აღლუმზე აპირებდა წასვლას – „ამ მესიჯის მერეც, როგორც ნამდვილი უფროსი და, მე ვუსწორებ გამოტოვებულ “ს”-ს და ვუხსნი, რომ 17 მაისი ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა და “პარადი” ივნისში ტარდება. და რა მნიშვნელობა აქვს მაგას, ხო წამოხვალ? მეკითხება სულსწრაფად და მოუსვენრად, როგორც იყო სულ. ხო, წამოვალ. რა თქმა უნდა“.