LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: „არჩევნები, რომელიც ჩვენთან 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს განმსაზღვრელი იქნება, არსებობს ბევრი ძალა, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოსახლეობის ნების წინააღმდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია“

131
სალომე ზურაბიშვილი

„საქართველოში ყოველთვის იყვნენ და არიან დემოკრატიული, პროევროპული ძალები, ყოველთვის წარმოადგენდნენ ქვეყნის აბსოლუტურ უმრავლესობას. მათ იციან, სად არის ჩვენი მომავალი, მათ იციან, რომ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ვარშავის უსაფრთხოების სამიტის“ ფარგლებში გამართულ პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა, რუსეთის მცდელობის მიუხედავად, რომ შეცვალოს საქართველოს ევროპული გზა, 80 პროცენტი მოსახლეობის, წლების განმავლობაში, მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ გზას და ევროპულ მომავალს.

„საქართველოს მოსახლეობა, რუსეთის მცდელობის მიუხედავად, რომ შეცვალოს საქართველოს ევროპული გზა, 80 პროცენტი მოსახლეობის, წლების განმავლობაში, მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ გზას და ევროპულ მომავალს. არჩევნები, რომელიც ჩვენთან 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს განმსაზღვრელი იქნება.

არსებობს ბევრი ძალა, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოსახლეობის ნების წინააღმდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია, ჩვენს მომავალს ასევე იცავს უკრაინა, რადგან ის იბრძვის როგორც საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ევროპის თავისუფლებისთვის, ის ასევე იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ევროპის მომავალი განისაზღვრება უკრაინის ომის შედეგით, მოლდოვის არჩევნების შედეგით და საქართველოს არჩევნების შედეგით.

ეს განსაზღვრავს, მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოებას და შავი ზღვის, როგორც თანამშრომლობის ზღვის, როგორც მშვიდობისა და დაკავშირებადობის ზღვის მომავალს. ეს განსაზღვრავს ევროპის როლს კავკასიაში. ეს განსაზღვრავს სომხეთის მომავალს, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზას ადგას. ასე რომ, ყველაფერი, რაც ამ დღეებში სასწორზე დევს, ძალიან მნიშვნელოვანია“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ჩვენ მონეტის მეორე მხარეს ვართ – მაშინ როდესაც უკრაინა განიცდის სამხედრო აგრესიას, ჩვენ განვიცდით აგრესიის სხვა სახეობას, რომელიც არის ჰიბრიდული ომი, პროპაგანდა, ყველა სახის ზეწოლა, შიში, რომელიც გამოიყენება, წნეხი.

პრეზიდენტის განცხადებით, „ჩვენ გვაქვს „რუსული კანონი“, რომელიც ახლა მოქმედებაშია მოსული და ცდილობს სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის განხორციელებას, მის აკრძალვას და სწორედ ეს დგას საფრთხის ქვეშ ამ არჩევნებზე

„მჯერა, რომ არჩევნების მომენტისთვის ქართველი ხალხის ნება გადააჭარბებს ამ საფრთხეებს, რომლებიც ძალიან რეალურია. არ შემიძლია მათი დაკნინება, ისინი ძალიან რეალურია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის ძალის, რომელმაც გაიარა ძალიან ბევრი ზეწოლა, შიში და ბრძოლა საკუთარი დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის დასაცავად, დარწმუნებული ვარ, ამასაც დაძლევს.

საქართველოს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს რუსეთთან დაკავშირებით 2014 წლამდე, 2008 წლამდეც – ეს დაიწყო 1921 წელს, იგივე განმეორდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1991 წელს. ასე რომ, ქართველმა ხალხმა იცის, რომ თავის დახრას არ მოაქვს მშვიდობა, არ უწყობს ხელს რეგიონში არანაირი სახის თანაარსებობას რუსეთთან და რომ ეს არ მუშაობს.

არიან ადამიანები, ვინც მსგავს პოლიტიკას უჭერს მხარს, თუმცა ეს ადამიანთა ძალიან მცირე ჯგუფია, რომელიც უფრო მეტად ხელისუფლების გარემოცვას წარმოადგენს პრივილეგიების, კორუფციის, ზეწოლის, კომპრომატების გამო. ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, სადაც ჩვენ ვხედავთ რუსული modus operandi-ს განმეორებას და რუსული კანონი სწორედ ამის ნიშანია.

იმის გამო, რომ ხელისუფლებას აღარ შეუძლია მხარდამჭერების მობილიზება, ცდილობს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, სხვადასხვა კანონის გამოყენებით საზოგადოებაზე ზეწოლის განხორციელებას, თუმცა კვლავ, დარწმუნებული ვარ ჩვენს საზოგადოებაში, რადგან ჩვენ გვაქვს საკმარისი ისტორიული გამოცდილება იმის ცოდნისთვის, თუ სად არის ჩვენი მომავალი“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრებზე მხარეებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის ევროპული გზის მიმართ:

„პრეზიდენტი შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ოლექსანდრ ბალანუცას, თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო მინისტრს (ლორდთა პალატის წარმომადგენელი მინისტრი) ლორდ ვერნონ კოაკერს, პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს და აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის საკითხების უფროს დირექტორს მაიკლ კარპენტერს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა ჟუროვას.

შეხვედრებისას განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და ქართველი ხალხის მისწრაფება ქვეყნის ევროპული მომავლისათვის. შეხვედრებზე მხარეებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის ევროპული გზის მიმართ” – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები