შინაგან საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, 10 ნოემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა უწყებას განცხადებით მიმართა და შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა მუქარა. კერძოდ, მათ მიიღეს შეტყობინებები სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის შესახებ.
ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, იმავე დღეს, სამართალდამცავებმა დაიწყეს გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე.
„იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, გამოძიება წარიმართება ინტენსიურად. ასევე, ვიყენებთ კანონით დასაშვებ ყველა შესაძლო ბერკეტს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. როგორც კი გვექნება გამოძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ,“ – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.