სალომე ზურაბიშვილმა კახა კალაძეს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
არჩეული მერი საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას.
„როგორც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, კახა კალაძის საარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა იმით, რომ არ იყო გამოყენებული სიძულვილის ენა და რიტორიკა, ორიენტირებული იყო საქმესა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სწრაფად გაგრძელდეს ადგილობრივი მოსახლეობის კონკრეტული პრობლემების გადაჭრისათვის ეფექტიანი საქმიანობის განხორციელება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.