ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, იგი „მოსმენებზე“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კომისიამ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიბაროს.
სალომე სამადაშვილი ამ განცხადებით, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა.
დეპუტატის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, სადაც ისრები ოპოზიციაზე გადააქვს, აბსურდულია.
„რეალურად, სწორედ ივანიშვილი აკონტროლებს მოსმენების მთელ მექანიზმს წლების განმავლობაში, ხოლო პრემიერ- მინისტრი ვინ არის და მას ღარიბაშვილი ჰქვია თუ გახარია, მნიშვნელობა არ აქვს,“ – თქვა სალომე სამადაშვილმა და დასძინა, რომ აბსურდში ამ ქვეყანას და საზოგადოებას ირაკლი ღარიბაშვილი ვერ შეიყვანს.
სამადაშვილის განცხადებით, ყველამ კარგად ვიცით, რომ 9 წლის მანძილზე არავის არ ეკითხებიან ან პრემიერი ვინ იქნება ან სუს-ის უფროსი, თუ არა ერთ ადამიანს, რომელსაც დღეს არანაირი ოფიციალური პოზიცია არ უჭირავს.
„დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი უშუალოდ აკონტროლებს მოსმენების მთელ მექანიზმს და პრემიერ – მინისტრი ვინ არის დღეს ამ ქვეყანაში და მას ღარიბაშვილი ჰქვია თუ გახარია, ნულოვანი მნიშვნელობა აქვს.
აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ღარიბაშვილი თავის აბსურდულ განცხადებებში არ უარყოფს იმას, რომ სახელმწიფო, წლების განმავლობაში, მოქალაქეების უზარმაზარ არმიას უკანონოდ უსმენს, უთვალთვალებს და იწერს,“- აღნიშნა დეპუტატმა.
სამადაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და მოვემზადოთ იმ მომენტისთვის, როცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უკანონობის ჩამდენი ადამიანების დასჯის შესაძლებლობა იქნება.
„დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერ, ოღონდ, კომისიამ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიბაროს და მოვისმინოთ, მისი პასუხები კითხვებზე, რადგან მისი მარიონეტების ადგილმონაცვლეობა, რეალობას არ ცვლის.
ამ რეჟიმის თავში არის ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად, თუ ჩვენ გვინდა ცვლილება ამ არჩევნებზე, ხმა უნდა მივცეთ დემოკრატიულ ოპოზიციას, რომელიც უკვე წლების მანძილზე უპირისპირდება ამ ბოროტების რეჟიმს, რომლის ჭანჭიკიც ჩემი აზრით, საკუთარი პოლიტიკური გუნდით და შემადგენლობით იყო გახარია,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებასა და არასრულწლოვანების შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს.
ამავე თემაზე:
ხოჯევანიშვილი წულუკიანზე: უღირს ადამიანებს საკმაოდ იოლად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება