სამართალდამცველებმა აჭარაში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 4 აპრილს, ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების მიზნით მისულ პოლიციელებს ერთმა პირმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს მინის ბოთლის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებული სამართალდამცველი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.
პოლიციამ ეჭვმიტანილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავა.
“სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.