მადრიდის „რეალი“ ცალი ფეხით ფინალშია. კარდიფის ბილეთების დაჯავშნაზე ფიქრი უკვე შეიძლება. ძალიან რთულ და პრინციპულ მეტოქესთან ლიგის პირველ ნახევარფინალში „სამეფო კლუბმა“ მოსალოდნელზე მარტივად მოიგო და რაც მთავარია ისეთი ანგარიშით, რომელიც აშკარად მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევს. ბოლომდე მოშვება ნამდვილად არ შეიძლება, მაგრამ ეს „რეალს“ არ ესწავლება.
რონალდო: ეს კაცი კი არა, მართლა სხვა სამყაროა. ამდენი გოლი, ამდენი რეკორდი, ამდენ გადამწყვეტ მომენტში ლიდერობა – ჩვეულებრივი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.
პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში 13 გოლი გაიტანა, რაც ამ ტურნირის რეკორდია. აქამდე ეს რეკორდი მადრიდული კლუბის ლეგენდარულ ფეხბურთელს ალფრედო დი სტეფანოს ეკუთვნოდა, რომელსაც თერთმეტი გოლი ჰქონდა გატანილი.
ამასთან, რონალდომ “რეალის” შემადგენლობაში 400 გოლი გაიტანა (ამ მიღწევისთვის მას რვა წელიწადზე ოდნავ ნაკლები დასჭირდა).
განმეორებითი შეხვედრა 10 მაისს „ვისენტე კალდერონზე“ გაიმართება.
„რეალი“ – „ატლეტიკო“ 3:0 (1:0)
მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“, 78 000 მაყურებელი
„რეალი“: ნავასი; კარვახალი (ნაჩო 46), სერხიო რამოსი, ვარანი, მარსელო; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი; ისკო (ასენსიო 68), ბენზემა (ვასკესი 78), რონალდო
„ატლეტიკო“: ობლაკი; ერნანდესი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუისი; კოკე, გაბი, საულ ნიგეზი (გაიტანი 58), ფერეირა-კარასკო (კორეა 68); გრიზმანი, გამეირო (ტორესი 57)
გოლები: 1:0 რონალდო (10), 2:0 რონალდო (73), 3:0 რონალდო (86)
გაფრთხილება: ისკო (48) – კოკე (26), საულ ნიგეზი (53), სავიჩი (83)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (8) – 4 (1) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 0:0
მსაჯი: მარტინ ატკინსონი