LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელოს რამდენიმე სოფელში სახნავ-სათესი მიწები დაიტბორა და დაზიანდა ხიდები

84
3

რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად სამეგრელოში ადიდებული მდინარეები კალაპოტიდან გადავიდა და ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილში საკარმიდამო ნაკვეთები, სახნავ-სათესი მიწები და ხიდები დატბორა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შედარებით რთული ვითარებაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში, სადაც ადიდებულმა მდინარე ჯუმმა ორი საავტომობილო ხიდი დააზიანა.

რამდენიმე ადგილას გარღვეულია ნაპირსამაგრები, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილიც.

უხვმა ნალექმა მსგავსი პრობლემები შექმნა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთასა და საჯიჯაოშიც. სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი გუგუჩიას განცხადებით, ხობის მუნიციპალიტეტშიც დატბორილია რამდენიმე სახლი და დაზიანებულია ხიდები. მისი თქმით, ზარალს ითვლიან და მოგვიანებით გახდება ცნობილი, რა ზიანი მიაყენა სტიქიამ რეგიონს.

„ამ ეტაპისთვის წყლის დონემ ოდნავ დაიწია, რამაც სამაშველო და მუნიციპალურ სამსახურებს საშუალება მისცა, ჩაეტარებინათ პრევენციული სამუშაოები. ამან საშუალება მოგვცა, ხიდი შეგვენარჩუნებინა [სოფელ დიდინეძში] ამ ეტაპისთვის. თუმცა, რაც უფრო იწევს წყლის დონე, სურათი გვაჩვენებს იმას, რომ ხიდი მთლიანად ამორტიზებულია და საშიში ხდება სარგებლობისთვის“, – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში პრობლემურ ადგილებში მუშაობდნენ შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, ამჟამად გაწმენდითი სამუშაოები ტარდება და მობილიზებულია საჭირო ტექნიკა.

 

ფოტო: LivePress.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები