სამეგრელოს რეგიონში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
გამარჯვებული პროექტებია:
- Pain2Plan – სტარტაპის მიზანია, შექმნას ინოვაციური ციფრული ხიდი საზოგადოების მიერ ხშირად გაუჟღერებლად დარჩენილ პრობლემებსა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც რეალურად შეუძლია მათი გადაჭრა – სტარტაპებს, მეწარმეებსა და ორგანიზაციებს. Pain2Plan ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, გააჟღეროს ის, რაც აწუხებს, თუნდაც ერთი წინადადებით. პლატფორმა არის ადგილი, სადაც მომხმარებელი ხმას იღებს და მის წუხილს რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ეძლევა.
- Artintech – სტარტაპის მიზანია, ნებისმიერი არქიტექტურული ნახაზის ავტომატურად მაღალი ხარისხით 3D რენდერად გადაქცევა AI-ის საშუალებით, თითოეული ობიექტის დამოუკიდებელი მენეჯმენტის შესაძლებლობით და პროფესიონალი არქიტექტორების, ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინერებისთვის სრულფასოვანი დიზაინის და რედაქტირების პლატფორმის შეთავაზება.
- SatisfAI – სტარტაპის მიზანია, კომპანიებს დაეხმაროს მომხმარებელთა ჩატებისა და CX მონაცემების AI-ზე დაფუძნებული ანალიზის გზით კმაყოფილების დონის ზუსტად შეფასებაში და ხარისხის კონტროლის პროცესის გაუმჯობესებაში.
- Sportflow – სტარტაპის მიზანია, შექმნას სრულად ავტომატიზებული და ციფრულად მართული ეკოსისტემა სპორტული მატჩების საორგანიზაციო პროცესისთვის. პლატფორმა უზრუნველყოფს მატჩის წინასწარ დაგეგმვას, მონაცემთა მართვასა და ავტომატურ ანალიზს პროფესიული და სამოყვარულო ლიგებისთვის.
- Profit – პერსონალური ციფრული ფიტნეს AI მენტორის მიზანია, მომხმარებლის სხეულის ტიპისა და მიზნების მიხედვით, შექმნას ინდივიდუალური სავარჯიშო გეგმა, მიაწოდოს ვიდეოინსტრუქციები და სრულად დაგეგმოს ვარჯიშის პროცესი: სიხშირე, დატვირთვა, დასვენების ინტერვალები და ვარჯიშების თანმიმდევრობა ადამიანური, ფინანსური და დროითი რესურსის გარეშე.
რეგიონული საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.