LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი რამ, რაც მიგითითებთ, რომ თქვენი შვილი სკოლისთვის მზადაა – ფსიქოლოგ ნატა მეფარიშვილის რეკომენდაციები

447

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ახალ სეზონს იწყებს. პირველი გადაცემა კი ისეთ აქტუალურ თემას ეხება, როგორიცაა სკოლისთვის მზაობა. უნდა იცოდეს თუ არა წერა, კითხვა  და თვლა პირველკლასელმა, როგორ უნდა გაჩერდეს ის გაკვეთილზე ხანგრძლივი დროით და ვისი ბრალია, როცა შეგუების პროცესი ასე რთულდება – ამ თემებზე გადაცემაში ბავშვთა და მოზარდთა კლინიკურმა ფსიქოლოგმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესრომა  ნატა მეფარიშვილმა ისაუბრა.

 

ქალბატონმა ნატა, რატომ უჭირს ბავშვს პირველი დღეები ბაღსა და სკოლაში და ყოველთვის მიუთითებს თუ არა ეს ქცევით პრობლემაზე?

ნამდილად საინტერესო თემაა, რადგან ხშირად ბავშვის სადმე დატოვებას მშობლები განიხილავენ მაშინ, როდესაც ამის გადაუდებელი აუცილებლობა დგება. მაგალითად, ბავშვი ბაღში უნდა მიიყვანოს, რადგან თვითონ აუცილებლად სამსახურში უნდა იყოს. ზოგადად განვითარება არის ერთი წრფივი პროცესი, რომელიც დაბადებიდან გარდაცვალებამდე ახასიათებს ადამიანს.

რომელ ეტაპზე რა კრიზისულ მომენტს ვხდებით, ეს უკავშირდება იმას, განვითარების ეტაპების განმავლობაში როგორ გარემოში ვიყავით, როგორ გვექცეოდნენ და აღზრდის რა მეთოდებს იყენებდნენ ჩვენს მიმართ. ასე შორიდან იმიტომ დავიწყე, რომ თუ ბაღში დარჩენა არის პრობლემა, ალბათობა იმისა, რომ ყოველ ჯერზე არის სერიოზული ქცევითი პრობლემა, ძალიან მაღალი არ არის. აქაა რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც გასათვალისწინებელია. ერთი, როდესაც ბავშვი შეჩვეულია ოჯახში, ან ძიძასთან ყოფნას და მისთვის ძალინ კომფორტულია იმ სოციალურ გარემოში ყოფნა, სადაც ნაცნობი ადამიანები არიან. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც მივდივართ ბაღში და გვხვდებიან პედაგოგები ან უკვე ადაპტირებული ბავშვები,  რომლებიც მაინც უცხოები არიან. მნიშვნელოვანია, რომ ბაღისთვის მომზადება დაიწყოს არა სამი წლის ასაკიდან, არამედ მაშინ, როდესაც ბავშვს უკვე შეუძლია თავისი ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად არსებობა კონკრეტული დროის განმავლობაში. ერთი წლის შემდეგ დედამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რა დაკვეთა უნდა მისცეს ძიძას, რათა ბავშვმა ეტაპობრივად იკონტაქტოს ეზოში თანატოლებთან, დარჩეს ერთ ბებოსთან, მეორე ბებოსთან გარკვეული ხნით. ასეთ დროს დამშვიდობება, იმის გაჟღერება, რომ მე წავალ და დაახლოებით ამ დროს მოვალ ანუ მსგავსი ფრაზებით ფორმულირებული კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.  როდესაც ბავშვმა იცის, როდის მოვა დედა, ეს იწვევს უსაფთხოების განცდას, ხოლო ეს განცდა მომავალში გადადის სხვა სიტუაციებზეც.

ბაღისთვის მომზადება უნდა დავიწყოთ ადრე და ეს რიგ ღონისძიებებს მოიცავს. მაგალითად წინასწარ უნდა გავაჟღეროთ, რომ  ბავშვს  ბაღში სიარული მოუწევს, უნდა მივიყვანოთ იმ ტერიტორიაზე, სადაც ბაღია და ვითამაშოთ იქ ცოტა ხნით. იდეალურ შემთხვევაში უნდა გავაცნოთ პედაგოგები, ვიყოთ მასთან ერთად დასაწყისში, ოღონდ ნორმირებულად. თუ ამის საშუალება ბაღში არ არის , მაშინ მნიშვნელოავანია პედაგოგების დახელოვნება იყოს ისეთი, რომ მათ შეძლონ ბავშვების ყურადღების გადართვა, რაც ცხადია, 45 ბავშვის პირობებში პრობლემაა. ბაღთან ადაპტაციის პერიოდი ერთიდან  ოთხ კვირამდე გრძელდება. შეიძლება ბავშვმა ისწავლოს, რომ თუ ის იტირებს, დედა მოქანდება, ხელში აიყვანს და წაიყვანს. რომ მასწავლებელი დარეკავს და დედა აუცილებლად მოვა. ეს იმის წინაპირობაა, რომ ის მანიპულაციას იწყებს და მერე უკვე ჩნდება ქცევითი პრობლემა, რომელიც მართულია ბავშვის მიერ.

 

სკოლაზე მინდა გკითხოთ, როგორ შეიძლება 6 წლის ბავშვი 40 წუთი გაუნძრევლად გაჩერდეს გაკვეთილზე?

ძალიან სერიოზული კითხვაა, რომელიც სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს. ეს შეკითხვა ძახილის ნიშნით ხშირად უნდა გაიმეორონ მშობლებმა და სპეციალისტებმაც. ბავშვი დაწყებით კლასებში არ უნდა გაჩერდეს გაუნძრევლად 40 წუთის განმავლობაში! იმიტომ, რომ მისი განვითარების ნორმა მოითხოვს მოძრაობას და გადაადგილებას. სამწუხაროდ სკოლებში, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ გაკვეთილები 40 წუთამდე შემცირდაო, რეალობა მაინც სხვაა. ამის მიზეზი კი ბავშვის შესვენებაზე მართვის პრობლემაა. ანუ რიგი მიზეზების გამო, პედაგოგი ვერ ახერხებს ბავშვის მენეჯმენტს.  დერეფნები და ეზოები ადეკვატურად აღჭურვილი არა არის, საკლასო ოთახში სივრცე არაა და ბავშვს აიძულებენ ოთხკუთხა ოთახში დაფისკენ მიმართული იყოს და კონცენტრაციის აქტივობა განახორციელოს, მას კი ეს არ უნდა! იმიტომ რომ არ შეუძლია და არც სჭირდება ! არ მინდა, არ შემიძლია, არ მჭირდება არის სიტყვები, რომლებიც მნიშვნელოვანია ბავშვისთვის და რომლებიც ყველამ უნდა მოისმინოს.

არსებობს სხვადასხვა ფსიქოტიპის ადამიანი. როდესაც რამეს მაიძულებენ, ან საბოლოოდ გავტყდები, დავემორჩილები და მოვიწყენ, რაც არ ვარგა. ან არ დავემორჩილები და ისეთ ქცევებს გამოვავლენ, რაც ნამდვილად იქნება ასოციალური ან ისეთ თვისებებს გამოვავლენ, როგორიცაა ყვირილი, ტირილი, სირბილი , იატაკზე დაწოლა და ასე შემდეგ…  მე ამაში ბავშვებს ვერ დავადანაშაულებ, იმიტომ რომ ის ამ ასაკში უნდა იყოს კონცენტრირებული მაქსიმუმ 9-10 წუთი აქტივობაზე, რომელიც მიმდინარეობს თამაშით და მიწოდებულია საინტერესოდ. ამის შემდეგ მას უნდა ჰქონდეს საშუალება ფიზიკური აქტივობის. ამ დროს პედაგოგი უნდა იყოს მრავალმხრივი განვითარების და იცოდეს, რა სჭირდება ბავშვს.  მას  ა, ბ, გ, დ-ს ფანტასტიურად შემოხაზვა  არ სჭირდება, მას სჭირდება: მშვიდი ემოციური გარემო, სოციალური კონტაქტების დამყარება თანაკლასელებთან, მასწავლებლის გაცნობა საგაკვეთილო და სასწავლო პროცესის პოზიტიურ კონტექსტში აღქმა, მოძრაობა, თამაში და ბოლოს წერა-კითხვა. წერა-კითხვას ყველა ვარიანტში ვსწავლობთ და არ გვევალება 2 და 3 თვეში ვიცოდეთ. ორი წლის მერე თუ კარგად ვკითხულობთ ან ვწერთ, მშვენიერია.

რომელი სკოლის დერეფანში გინახავთ ისეთი რამეები, რომელიც სპორტულ აქტივობას გულისხმობს? როგორ გეკადრებათ, ჩვენთან დერეფანში გამოსვლა არ შეიძლება. ვაიმე ყვირის, ამბობენ 6 წლის ბავშვზე, უნდა იყვიროს! უნდა გამოუშვას ეს ენერგია, ამიტომ ხტუნვა ხმაური, ხელების აწევა, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

დაბალ კლასებში უნდა ხმაურობდნენ, თამაშობდნენ,  უნდა იყოს გამოყოფილი სივრცე, სადაც ბავშვი წევს, ზის, ესეც ჩვეულებრივი ამბავია. მოძრაობსო, მოდის ამ სახის პრეტენზია და ეს წარმოუდგენელია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მშობელსა და პედაგოგს ინფორმაცია არ აქვს. საგნისა და აკადემიური ცოდნის მიცემა არ არის მხოლოდ სკოლის ფუნქცია. ხშირად ამ განცხადების  გამო კრიტიკის ქარცეცხლში აღმოვჩენილვარ, მაგრამ ეს ასეა.

რა კრიტერიუმით ფასდება სკოლისთვის მზაობა?

სკოლისთვის მზაობის სამი კომპონენტი არსებობს.

  • პირველი გახლავთ ფიზიკური კომპონენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ძვალკუნთოვანი სისტემა მზად არის ჯდომისა და კონცენტრირებისთვის. მას უნდა შეეძლოს სხეულის ისე ყრდნობა ან დაჭერა, რომ წეროს და ამ დატვირთვას მან უნდა გაუძლოს. კონცენტრაცია და  ყურადღება 6 წლის ასაკში უნდა განისაზღროს კონკრეტული დროის ფარგლებში.
  • მეორე კომპონენტი,  ესაა ემოციური მზაობა. ეს ნიშნავს, რომ მე შიმიძლია გარკვეული დროით, იდეალური დრო გახლავთ 3-4 საათი, დავრჩე აკადემიურ სივრცეში დედის, ოჯახის წევრის გარეშე. ისე, რომ მე არ ვღელავდე, არ ვშფოთავდე, უკან გამოქცევა არ მინდოდეს და სცენებს არ ვაწყობდე. ასევე აღსანიშნავია სოციალური და ემოციური მზაობაც, რომლის დროსაც მე შემიძლია კომუნიკაცია თანატოლებთან, სიამოვნებას ვიღებ ამით, ვეცნობი მათ და ვსწავლობ კომუნიკაციის დამატებით უნარ-ჩვევებს.
  • მესამე კომპონენტი, რომელზეც ჩვენი მშობლები და სამწუხაროდ პედაგოგების უმეტესობა აქცენტს აკეთებს, გახლავთ კოგნიტური ანუ აზროვნებითი.

სამივე კომპონენტი განსაზღვრავს, რამდენად მზად არის ბავშვი სკოლისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ სკოლისთვის მზა ბავშვმა უნდა იცოდეს წერა და კითხვა. ამ ასაკის ბავშვმა შეიძლება იცოდეს ასოების იდენთიფიკაცია, რაც ნიშნავს, რომ ბაღში მას აძერწინებდნენ ან გამოჭრილი იყო ასოები და აფერადებინებდნენ.

საუბარია 5-დან 6 წლამდე და არა 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებზე. მათ ბაღში ათვლევინებდნენ მსხლებს, ბლებს, ქათმებს და აკეთებინებდნენ მარტივ არითმეტიკულ ამოცანებს, რაც საბოლოოდ მას ასწავლის ციფრის ან ასოების იდენტიფიკაციას და არა კითხვას და მიმატება-გამოკლებას ან გაყოფა-გამრავლებას. არიან ბავშვები, რომლებიც ამას ადრეულ ასაკში სწავლობენ. მაგრამ არიან მშობლები, რომელთა ბავშვებს არ უნდათ ეს, ხოლო მშობლები, იმიტომ რომ მეზობლის ბავშვმა იცის, აძალებენ რომ იმეცადინონ და ამას სამწუხაროდ აკეთებენ ბაღებშიც. ამ ფაქტს იყენებენ ერთგვარ კომერციურ ხრიკად და ამბობენ, რომ მათ აქვთ გაკვეთილები.

ზოგიერთი მშობელი კმაყოფილია, რომ ბაღში არის  მაგალითად ინგლისურის და გერმანულის გაკვეთილი. არ ვარგა ეს ამბავი მეგობრებო! ბავშმა უნდა იცოდეს ის, რაც დღეს არ იციან ბაღებში: დამოუკიდებლად ჭამა, ტუალეტის დამოუკიდებლად მოხმარება, თასმის შეკვრა, წვრილი მძივებისგან რაიმე კონსტრუქციის აწყობა, ფანქრის ისე დაჭერა, რომ კონტურებს არ გადავიდეს გაფერადებისას, აპლიკაციის გაკეთება, დაჭრა, დაწყობა, გაფორმება, ქვიშაში თამაში, პლასტელინით ძერწვა, მეგობრებთან კომუნიკაცია, სიბრაზის ადეკვატურად გამოხატვა. ამას უნდა ვასწავლიდეთ საბავშო ბაღებში და არა ვითომ ინგლისურს. ყველაფერი ეს განსაზღვრავს იმას, რამდენად წარმატებული მოსწავლე ვიქნები მე. ეს გახლავთ წინა სასკოლო მზაობა. ინფორმაციის არქონა და ცოდნისა თუ ერთი სისტემის არქონა, იწვევს პრობლემას. ეს მანიპულაციის საშუალებას აძლევს კერძო ბაღებს, რაც ჩემთვის ძალიან მწვავე საკითხია. ბაღების სააგენტო მოგმართავთ!! არ კონტროლდება არც ერთი კერძო ბაღი. ეს არ შეიძლება. ძალიან კარგი სამუშაოები მიდის საჯარო ბაღში, კერძოში რა ხდება, ვერ გაიგებ.

როგორ  მოქმედებს დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მოტივაციაზე შეფასება ქულებით და საშინაო დავალებები?

შეფასების სისტემა პირობითია, ქულით ბავშვი არ უნდა ფასდებოდეს. ბავშვის შეფასება ადრეული ასაკიდან ხდება, როდესაც მას ვეუბნებით, რა კარგად გამოგივიდა, რა ყოჩაღი ხარ, ძალიან მომწონს შენი თამაში, ეს შეფასებაა. ამას ქულის დაწერა არ სჭირდება, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ რაღაცეები შეფასდება, კონკრეტულად მისი ქმედებები და არა თვითონ. მან უნდა იცოდეს, რომ თვითონ ის ყოველთვის კარგია, რაღაც შეიძლება ისე ვერ გააკეთოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდია. ვთვლი, რომ დაწყებით საგანმანათლებლო სისტემას ქულები არ სჭირდება. ქულები სჭირდებათ მოზრდილებს, პედაგოგებსაც და მშობლებსაც. შეიძლება მე პერიოდულად ვიკითხო ჩემი შვილის აკადემიური პროგრესის შესახებ, მაგრამ მნიშვნელოვანია  შეკითხვა, როგორც გრძნობს ჩემი შვილი თავს თქვენს სივრცეში. აი მერე უნდა მოდიოდეს უკვე შეკითხვა, გამოსდის კითხვა? საშინაო დავალებას რაც ეხება, ისიც უდნა იყოს ძალიან მარტივი და სწრაფად შესრულებადი. დასწავლა უნდა ხდებოდეს საკლასო ოთახში და არაა საჭირო საშინაო დავალებების ტარება ჩანთებით.

ადამიანის განვითარებისა და პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ბედნიერების განცდა. აღმზრდელმა უნდა იმუშაოს იმაზე, რასაც მოაქვს ეს განცდა. ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი და ის აუცილებლად იპოვის თავის თავს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია, რომელსაც განვითარების ინდივიდუალური ხაზი აქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი ბავშვი ზუსტად 2 დღის წინ გახდა 6 წლის და ზოგი 7 თვის წინ და ეს განსხვავებები გასათვალისწინებელია. 6 წლის და 7 თვის ბავშვი გაცილებით წინაა განვითარებით, ვიდრე 6 წლის და 1 დღის.

აუცილებელია თუ არა ბავშვის დატვირთვა სხვადასხვა წრეებით სკოლის პარალულურად?

ფიზიკური დატვირთვა კარგია ზომიერად. სასურველია, რომ დაწყებითი სკოლის მოსწავლე დადიოდეს სკოლაში და ერთი, რომელიმე სახეობის სპორტზე. თუ სკოლაში სპორტის ამბავი კარგად არის დაგეგმილი, ჯობს დავუტოვოთ ჩვენს შვილებს თავისუფალი დრო „არაფრის კეთებისთვის“. არ შეიძლება, რომ მისი დრო იყოს ამოვსებული მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ მცალია.

მნიშვნელოვანია, ნელ–ნელა მივაწოდოთ ბავშვს მისთვის საინტერესო აქტივობები. მართალი გითხრათ, ძალიამ მინდა, რომ ჩემმა შვილმა იაროს ერთ-ერთი სკოლის გუნდზე, მაგრამ მას უნდა სიარული თექაზე, მე თანახმა ვარ. რომ ვკითხე, გუნდი გინდა თქო? მითხრა მოვიფიქრებ, როდის მინდაო. ბავშვმა უნდა იპოვოს საკუთარი თავი და მე მას ამაში უნდა დავეხმარო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.


უნდა ჩაერიონ თუ არა მშობლები შვილების კონფლიქტში, როცა საუბარია ფიზიკურ დაპირისპირებსა და ბულინგზე

ფიზიკური დაპირისპირება და ბულინგი კონფლიქტის ძალიან სერიოზული ნაწილია. არსებობს ტექნიკა, როგორ ვდგებით შუაში ფიზიკური დაპირისპირების დროს, როგორ ვაშორებთ ერთმანეთს და შემდეგ, რა დრო გვაქვს, იმისთვის, რომ სიტუაცია დაწყანარდეს  და რამდენი ხნის მერე უნდა დაველაპარაკოთ ბავშვებს. ამაზე ფსიქოლოგების უამრავი რეკომენდაცია არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ქცევა იყოს მშვიდი, წყნარი, იზოლირებული. გადის ორივე ცალცალკე, ვაძლევთ ამოსუნთქვის საშულებას. წყალს ვაწვდით და ვეუბნებით რომ ვიცი, გაბრაზდი, გასაგებია და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი გაივლის, ვსაუბრობთ, როგორ გამოვხატოთ სიბრაზე. თუ რომელიმე ბავშვი სიბრაზეს ისე გამოხატავს, რომ ვერბალური და ფიზიკური აგრესიის მაჩვენებელი მაღალია, სასწავლო დაწესებულების თანამშრომელმა ის უნდა გააგზავნოს სპეცილისტთან.

აი ბულინგი აბსოლუტურად სხვა თემაა. ამაზე ეგრევე ყურებდაცქვეტილი და თვალებგაფართოებული უნდა იყოს სკოლის წარმომადგენელიც და მშობელიც. ეს იმხელა პრობლემაა, ამან შეიძლება ადამიანი მიიყვანოს თვითშეფასების დაქვეითებამდე, აპათიურ გუნება-განწყობილებამდე, აგრესიამდე და თავად გახდეს ბულერი. ბულინგი არის თემა, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ ძალიან სეროზულად.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g