თურქეთში ავარიის შედეგად ანსამბლ „ლამპრების“ წევრები და მათი თანმხლები პირები დაშავდნენ. შეგახსენებთ, რომ ავტობუსი, რომლითაც ანსამბლი გასტროლებზე მიემგზავრებოდა, ამოტრიალდა…
ამ დრომდე თურქეთის საავადმყოფოებში რჩება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული რამდენიმე პირი. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, მძიმეა ანსამბლის ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის რეანიმაციაშია მოთავსებული. ასევე მძიმეა ანსამბლის ხელმძღვანელის მდგომარეობა, რომელსაც დაზიანება თავზე აქვს მიღებული. ერთ-ერთ მშობელს კი ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.
როგორც „იმედის“ ჟურნალისტის, მარიკა ბაკურაძის ვრცელი პოსტიდან ხდება ცნობილი, მაიკო დათიაშვილი ამავე არხის ყოფილი ჟურნალისტი და მისი კოლეგაა…
მარიკა წერს:
„ეს გოგო ჩემი მეგობარია, ეს გოგო წლების განმავლობაში „იმედის“ გმირების დასახმარებლად 24 საათი ფეხზე იდგა და ამ გოგოს დღეს ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს! იცით, რატომ?
– იმიტომ, რომ არავინ თავის საქმეს არ აკეთებს
– იმიტომ, რომ საქართველოში არც ერთი ტრანსპორტი გამართულად არ დადის
– იმიტომ, რომ არც ერთი მძღოლი კვალიფიციური არ არის
– იმიტომ, რომ ანსამბლები ფულს “ტეხავენ” და არასანდო ტრანსპორტზე თვალს ხუჭავენ
– იმიტომ, რომ 30 ადამიანით სავსე ავტობუსი ისე მიდის გზაზე, რომ შემოწმებასაც არ აკეთებს
– იმიტომ, რომ პროფესიონალიზმი აღარ არსებობს
– იმიტომ, რომ სხვისი სიცოცხლე ყველას ფეხებზე კიდია
– იმიტომ, რომ მთელი ამ მიზეზების გამო 3 შვილის დედა დღეს უფეხოდ დარჩა. და უსაზღვროა საგზაო შემთხვევები, უსაზღვროა თურქეთის გზაზე მომხდარი ავარიები. უსაზღვროა და ამაზე არავინ პასუხს არ აგებს!“