პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations ევროპის ზამთრის საუკეთესო კურორტების რეიტინგი გამოაქვეყნა.
სიის სათავეში სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი მოხვდა, რომელსაც პლატფორმა მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტების სამოთხედ მოიხსენიებს:
„თუ ევროპაში საუკეთესო სათხილამურო თავგადასავლებს, ყველაზე ლამაზ სამთო ტრასებს, საუკეთესო ინფრასტრუქტურას და ზამთრის არდადეგებზე, უბრალოდ, გარანტირებულ თოვლს ეძებთ, გოდერძის უნდა ეწვიოთ. საქართველოში, აჭარის რეგიონში მდებარე ეს კურორტი ისტორიისა და თანამედროვე ინოვაციების ნაზავს წარმოადგენს“.
European Best Destinations ხაზს უსვამს, რომ გოდერძიზე, უნიკალური ალპური და სუბტროპიკული კლიმატის წყალობით, ნოემბრიდან აპრილის შუა რიცხვებამდე უხვი თოვლი გარანტირებულია. კურორტი თანამედროვე ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. სასრიალო ტრასები მორგებულია როგორც დამწყებ, ასევე პროფესიონალ მოთხილამურეებზე. ხელუხლებელი ტყეებით გარშემორტყმული და მთის პანორამული ხედების მქონე გოდერძი შესანიშნავი ადგილია ოჯახთან ერთად დასასვენებლად.
European Best Destinations-ის ზამთრის 12 საუკეთესო კურორტს შორის, საქართველოსთან ერთად, საფრანგეთის, იტალიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სამთო-სათხილამურო მიმართულებებიც მოხვდა.