გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა ხელმეორედ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მის საცხოვრებელ სახლში გუშინ ჩხრეკა ჩატარდა. ადვოკატის თქმით, ამოღებულია 3 ავტომატი, მჭიდები და 500 ვაზნა, რომელიც დაკავებულს არ ეკუთვნის და ის სახლში პოლიციამ შეიტანა. მისი განმარტებით, სამართალდამცველები დაკეტილ სახლში შევიდნენ და მოწმეების გარეშე დაიწყეს ჩხრეკა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი, სამსონ ქუთათელაძე რუსთავში 2018 წლის 15 იანვარს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა 16 იანვარს გიორგი ჭანტურია დააკავეს. იგი თითქმის 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც მაშინ შსს-ში აცხადებდნენ, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.
ადვოკატ ანი კეკენაძის განცხადებით, გიორგი ჭანტურიას სახლის იარაღი სამართალდამცავებმა ჩაუდეს.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სახლი იყო ცარიელი. მათ დრო იხელთეს და ჩადეს იარაღი, დღეს კი ვითომდა გადაუდებელი აუცილებლობით მოაწყეს მასკარადი, ე.წ. ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ამოიღეს ვითომდა გიორგი ჭანტურიას კუთვნილი იარაღები. რა თქმა უნდა, ეს იარაღები არ ეკუთვნის ჭანტურიას, ამოღებულია მთელი არსენალი. ჭანტურიას ოჯახის წევრები და მეც უარს ვაცხადებთ ამ მასკარადში მონაწილეობის მიღებაზე და არ ვესწრებით. მეც გამოვედი გარეთ პროტესტის ნიშნად,“ – განაცხადა ადვოკატმა ანი კეკენაძემ.
ჩხრეკა რუსთავში, გიორგი ჭანტურიას მამის სახლში ყაზბეგის ქუჩაზე მიმდინარეობს.