აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტი აპირებს, ნება დართოს მსურველებს „დაიბრუნონ დაკარგული აფხაზობა“ – რა მინიშნებაა ეს ჩვენთვის და რბილი ძალის რა მეთოდებს იყენებს რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ,- თემაზე დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელმა უჩა ნანუაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში გალის რუსიფიკაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
„ბოლო წლებში ჩვენ ვხედათ, რომ მიმდინარეობს გალის რეგიონის რუსიფიკაცია. ქართულ სკოლებში სწავლების ენის შეცვლით, როდესაც ქართულიდან რუსულ ენაზე გადავიდა სწავლება. ფიზიკურადაც დასცილდა გალის მოსახლეობა დანარჩენ საქართვლოს და ეს დისტანცირების პროცესი უკვე საკმაოდ დიდი ხანია, გრძელდება“. – განმარტავს ნანუაშვილი „კვირის თემასთან“ საუბრისას.
ნანუაშვილი განმარტავს, რომ ძალიან საშიშია რუსეთის რბილი პოლიტიკა, რადგან უკვე ბევრმა გალელმა ქართველმა, მათი პოლიტიკა მოიწონა.
„რამდენიმე კვირის წინ, სპეციალური წერილით მიმართეს რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებმა გალში მაცხოვრებელ ჩვენს თანამემამულებს, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულებს და აღნიშნა, რომ რუსეთი ზრუნავს იქ მაცხოვრებელ ქართველებზე და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო და უფრო რთულდება.
რეალურად როგორც დე-ფაქტო ხელისუფლება, ასევე რუსეთის ადგილობრივი რბილი ძალის პოლიტიკის გამტარებელი ორგანიზაციები აქტიურად მიმართავენ იდენტობის პროპაგანდის ინსტრუმენტებს და აქ რა იგულისხმება, დე -ფაქტო პარლამენტში მოისმინეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიცვალოს ეთნიკური იდენტობა გალში მცხოვრებ ქართველთა შორის. განიხილეს სამურზაყანოელი აფხაზების სპეციალური განცხადებაც.
საუბარია, რომ თითქოს ეს ადამიანები (ათასობით ადამიანზეა საუბარი), აღწერილობის მიხედვით საბჭოთა რეპრესიების გამო აფხაზური გვარი შეცვალეს ქართული დაბოლოებებით და ახლა მიმდინარეობს აფხაზობის დაბრუნება. ისტორიული ეროვნების აღდგენის გზით დაწყებულია პროცესები. 125-მა პირმა უკვე ჩაიწერა პასპორტში ეროვნებით აფხაზი, თუმცა მათ უარი არ უთქვამთ საქართველოს მოქალაქეობაზე“, – ამბობს ნანუაშვილი.
ნანუაშვილის თქმით, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების შეცვლილი ნარატივი პრობლემების შემცველია.
„აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება თუკი აქამდე ყველა ადამიანს, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა, არ აძლედა აფხაზურ პასპორტს, დღეს მიდგომა შეცვალეს და დაუშვეს, რომ პირს ჰქონდეს რუსულ-ქართული პასპორტი, პარალელურად ჩაიწეროს ეთნიკურად აფხაზი და მიიღოს აფხაზური პასპოტი. 600 მსურველი უკვე ელოდება დადებით პასუხს ისე, რომ შეინარჩუნონ პარალელურად საქართველოს მოქალაქეობაც.
რატომ არის ეს პრობლემური?
გარდა იმისა, რომ აქ საუბარია ზოგადად რეალობის და ისტორიის გაყალბებაზე, მიმართულია იქითკენ, რომ მაქსიმალურად დასცილდნენ გალში მაცხოვრებელი გალელები დანარჩენ საქართველოს. მიმართულია იქითკენ, რომ მათ იდენტობა შეიცვალონ და გადაწყვეტონ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ რეალურად აფხაზად მოინათლონ.
მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ აფხაზეთის ხელისუფლება იმ ადამიანებს, ვინც აფხაზურ პასპორტს აიღებს, რუსული პასპორტის აღებაში დაეხმარება.
ეს ფაქტორი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გალელისთვის, რომლისთვისაც რუსული პასპორტი და რუსეთში გადაადგილება შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო იმ ბარიერების ფონზე, რაც მათ უკვე ადგილზე ექმნებათ.
ეს პროცესი ძალია შორს წავიდა და უკვე ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ფიქრობს, რომ რეალურად პოლიტიკის გამო შეიძლება შეიცვალოს იდენტობა და მიიღოს ეს საბუთები და შესაბამისად გამოიყენოს. ამ შესაძლებლობების გამოყენებას სამწუხაროდ რაღაც მოსახლეობის ჯგუფი თანხმდება და მით უფრო, როდესაც აფხაზეთის დე- ფაქტო ხელისუფლება ერთგვარ კომპრომისზე მიდის და მათ არ სთხოვს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვან.
განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ აქ არაა მხოლოდ დე-ფაქტო პოლიტიკის პოლიტიკა, საუბარია იმაზე, რომ გალში ამოქმედდა რუსული სათვისტომოს წარმომადგენლობა. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთ- რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეობის პლატფორმა დაფუძნდა, რომლის მიზანია, მოამზადოს იდეოლოგიური და პროპაგანდისტული მხარდაჭერა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის, იმისთვის, რომ გალში რეალურად მოხდეს რუსული რბილი ძალის გამოყენება, იმისთვის, რომ გალელების განწყობა შეცვალოს მაქსიმალურად რუსეთის სასარგებლოდ“. – ამბობს უჩა ნანუაშვილი ნინი ხუგაშვილის გადაცემაში.