ცალსახაა, რომ სამწუხარო პროცესები, რომლებიც ჩვენ რეგიონში მიმდინარეობს, პირდაპირ აისახება ჩვენზე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საგარეო ვაჭრობის დაახლოებით, მეხუთედი უკრაინაზე და რუსეთზე მოდის.
„ცალსახაა, რომ ჩვენ გარკვეული კორექტირებები მოგვიწევს პოლიტიკაში იმისთვის, რომ აღდგენის პროცესი, რაც ქვეყანაში დაიწყო, ამის ტენდენცია შევინარჩუნოთ და ქვეყანა მაქსიმალურად მცირე ეკონომიკური დანაკარგებით გამოვიყვანოთ 2022 წელს. ყველაფრის წინასწარ პროგნოზირება წარმოუდგენელია, რადგან არ ვიცით მოვლენები რა ფორმით და რა მასშტაბით გაგრძელდება. არსებული ვითარებიდან და სანქციების იმ პაკეტიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს, გვაქვს შეფასებები. ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში მუშაობს ეკონომიკური გუნდი იმისთვის, რომ გვქონდეს საპასუხო გეგმა. არსებობს ეს გეგმა, არსებობს ვერსიები და გამოვიყენებთ ამ ვერსიების სხვადასხვა მიმართულებებს, იმის მიხედვით, მოვლენები როგორ განვითარდება. ამასთან, მჭიდრო ურთიერთობაში ვართ ჩვენს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, სავალუტო ფონდთან იმისთვის, რომ ალტერნატიული გეგმები გვქონდეს პრობლემებზე საპასუხოდ“, – განაცხადა დავითაშვილმა.