“რა თქმა უნდა, სანამ მე მოსამართლე გავხდები მე გადავდგები იუსტიციის მინისტრის პოზიციიდან.” – აცხადებს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე და განმარტავს იმ პროცესს, რომელიც უნდა გაიაროს, სანამ ჰააგის მოსამართლე გახდება:
“ამ მომენტისთვის, მე ვარ არჩეული მოსამართლე. არჩეულ მოსამართლესა და მოსამართლეს შორის ძალიან დიდი სხვაობაა იმ თვალსაზრისით, რომ მოსამართლე გავხდები მხოლოდ მაშინ, როდესაც ოფიციალურად შევუდგები უფლებამოსილების შესრულებას. ეს არის მრავალ ფაქტორზე დამოკიდებული, მათ შორის, იმ ვადაზე, რა ვადაშიც ჩეხი მოსამართლე დაამთავრებს თავის უფლებამოსილებას. შემდეგ არის ორგანიზაციული საკითხები. სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, საკითხებით როდის ჩანიშნავს სასამართლო ამ პროცესს, შემდეგ უკვე მომიწევს გამგზავრება. რა თქმა უნდა, სანამ მოსამართლე გავხდები, მე გადავდგები იუსტიციის მინისტრის პოზიციიდან”. – განმარტა ლორთქიფანძემ.
მან მინისტრობის კანდიდატად წარდგენისათვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა :
“პრემიერობის კანდიდატს გადავუხდი მადლობას ორმაგი მხარდაჭერისთვის. ერთი ის, რომ მისი მხარდაჭერით ვსარგებლობდი საარჩევნო კამპანიის დროს. მეორე ის, რომ მან წარმადგინა ამ მთავრობის შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად.” – თქვა გოჩა ლორთქიფანიძემ.
მას შემდეგ, რაც ჩეხი მოსამართლე დაამთავრებს თავის უფლებამოსილებას, გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის მოსამართლის მანტიას 9 წლის ვადით მოირგებს. მის კანდიდატურას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 76-მა დელეგატმა მისცა ხმა.