LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში – გოჩა ლორთქიფანიძე სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

130
გოჩა ლორთქიფანიძე

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის – ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს.

ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია.

დღემდე მოსამართლე ლორთქიფანიძე საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში აქტიურად მონაწილეობს – იგი თავმჯდომარეობდა „პროკურორი საიდ აბდელ კანის წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებული საჩივრების, ხოლო ამჟამად თავმჯდომარეობს „პროკურორი ბოსკო ნტაგანდას წინააღმდეგ“ რეპარაციების ეტაპზე საჩივრის განხილვას.

როგორც სააპელაციო პალატის მოსამართლე, მონაწილეობდა სამი სხვა საჩივრის, ისევე როგორც ავღანეთის, ფილიპინების და ვენესუელის სიტუაციებიდან გამომდინარე საჩივრების განხილვაში.

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე არის სასამართლოს სამართლებრივი ტექსტების თაობაზე საკონსულტაციო კომიტეტის წევრი. ასევე ხელმძღვანელობს მოსამართლეების სამუშაო ჯგუფს სასამართლოსთვის საკონსულტაციო როლის განსაზღვრის თაობაზე.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 19 აპრილს შეუდგა. მოსამართლის პოზიციაზე ის ცხრა წლის ვადით არის არჩეული. გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველი მოსამართლეა ამ პოზიციაზე.

ინფორმაციისთვის, გოჩა ლორთქიფანიძე 2012 წლის 19 ნოემბრიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

1991-2005 წლებშიიგი ასევე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში,  იყო საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილების თანამშრომელი, გაერო-ს სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, საგანგებო დავალებათა ელჩი და კონფლიქტების საკითხებზე მიზნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი.

1999-2003 წლებში მუშაობდა გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩევლად, შემდეგ კი უფროს მრჩევლად.

2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

2007 წელს გახდა ფულბრაიტის სტიპენდიანტი და საქმიანობა ნიუ-იორკში აკადემიურ სფეროში გააგრძელა: 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში კი, ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი იყო. 

2020 წელს კი იუსტიციის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები