„გირჩის“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, “გირჩი” თავისი პარტიის კანდიდატების გარდა, არც ერთ სხვა კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.
რაქვიაშვილის განცხადებითვე, მისთვის უცნაურია, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეგიონების მერობის კანდიდატთა სიაში ბევრი პარლამენტარია.
„რამდენად კარგი კანდიდატები არიან, საბოლოო ჯამში ამას შეაფასებს ამომრჩეველი და ახლა კონკრეტული პერსონალების განხილვას აზრი არ აქვს. ჩემთვის ცოტა უცნაურია, რომ ბევრი პარლამენტარი ვნახე ამ სიაში. როგორც ჩანს, თუ მართლა მოგებას აპირებენ მერობის არჩევნებში, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ძალიან შემცირდება. ვიცით, რომ სიები ჩახსნილია და დასამატებელი ხალხი არ ჰყავთ. ეს ცალკე პრობლემაა. იმედი მაქვს, იგივე გაუგებრობას არ მოაწყობენ, რაც თბილისში მოხდა, როცა როგორც ჩანს, ამომრჩეველმა ორ პარტიას უნდა მისცეს ხმა ერთდროულად, რომ ის კომბინაცია, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა“ ყურადღებას ამახვილებს, შედგეს. დანარჩენს ვნახავთ არჩევნებზე, ვინ როგორ დააფასებს. ჩვენ ბუნებრივია, მოვუწოდებთ ამომრჩეველს, რომ შემოხაზოს „გირჩი“. ამის იქეთ თუ რაიმე სურვილები აქვთ და რომელიღაც კანდიდატი მოსწონს, ეს მისი არჩევანი იქნება. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არც ერთ კანდიდატს, გარდა „გირჩის“ კანდიდატებისა, მხარს არ ვუჭერთ“-განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.