LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით, რუსეთს ოქრო მალულად სუდანიდან გააქვს და ყველაზე ხშირად ორცხობილებად ნიღბავენ – CNN

105
oqroomalulad

„სიენენის“ ცნობით, დასავლეთის სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით, რუსეთს ოქრო მალულად სუდანიდან გააქვს. ტელეკომპანიის ცნობით, სუდანის მმართველი რეჟიმი, მოსკოვის მხარდაჭერის სანაცვლოდ, აძლევს რუსებს უფლებას, ქვეყნიდან ოქრო გაიტანონ. როგორც ჟურნალისტური გამოძიების ავტორები ამტკიცებენ, ამ ნაბიჯით სუდანის მმართველები ისედაც ღარიბ ქვეყანას მილიონობით დოლარის შემოსავლის გარეშე ტოვებენ.

როგორც „სიენენი“ წერს, ყველაზე ხშირად ექსპორტის დროს ოქროს ​ორცხობილებად ნიღბავენ.

ყოფილმა და მოქმედმა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ რუსეთმა სუდანში 2021 წელს მოწყობილ სამხედრო გადატრიალებას დაუჭირა მხარი. ამის სანაცვლოდ კი, სუდანის მმართველი ხუნტა რუსებს ოქროს შეუზღუდავი რაოდენობით გატანის უფლებას აძლევს.

„სიენენი“ ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთისა და სუდანის თანამშრომლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი. ტელეკომპანიის ცნობით, სუდანში პრიგოჟინის კომპანია მუშაობს, რომელიც ოქროს მოიპოვებს და ამავდროულად, იარაღს აწვდის და წვრთნის სუდანში მოქმედ სამხედრო დაჯგუფებებს.

„სიენენმა“ ასევე დაადგინა რომ ოქროს საბადოებთან ოპერაციების კონტროლს რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მაღალჩინოსანი ალექსანდრ კუზნეცოვი ახორციელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ბოლო წელიწად-ნახევარში სუდანიდან რუსეთში ოქროთი დატვირთული 16 თვითმფრინავი ჩაფრინდა. რეისები სრულდებოდა სამხედრო თვითმფრინავებით, რომლებიც სირიის ქალაქ ლატაკიაში მიემგზავრებოდნენ, სადაც რუსეთს მსხვილი ავიაბაზა აქვს. ოქროს ასევე სახმელეთო გზით გადაჰქონდათ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც, სადაც რუსი დაქირავებული მებრძოლები ასევე უჭერენ მხარს მმართველ რეჟიმს.

„სიენენი“ ამტკიცებს, რომ რუსეთმა სუდანიდან ოქროს გატანა ყირიმის ანექსიის შემდეგ წამოიწყო და ეს სანქციებისთვის თავის არიდების ეფექტურ გზად მიიჩნევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები